იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა მხოლოდ იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარესთან მიუღებელია. მათი თქმით, განვითარებული მოვლენების ფონზე ეს კობახიძის მხრიდან კლანის მხარდაჭერას ნიშნავს.

"ირაკლი კობახიძის მხრიდან მხოლოდ გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრა, რომელმაც თავი დაისახელა იმ შავ სიაში, რომელიც პარლამენტმა გააჩერა, ცალსახად აღიქმება, როგორც იმ ჯგუფის მხარდაჭერა", — განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ აღნიშნა ისიც, რომ ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა "კლანის გაფართხალებაა მათ გამარჯვებასთან მიმართებაში". დოლიძე აცხადებს, რომ მათ მოიგეს დიდი ბრძოლა და სახელმწიფოს სერიოზული საფრთხე აარიდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებით.

ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გუშინ, 28 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესი სასწრაფოდ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას და ამ კუთხით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებაც.

"საჭიროა პროცედურის და კრიტერიუმების გაწერა და რა თქმა უნდა, ესეც უნდა გაკეთდეს თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული, მათ შორის, რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სადაც არიან ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლები, ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები, ზოგადად. იმ ფორმატშიც, ბუნებრივია, გვექნება ამ საკითხების განხილვა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; დიმიტრი გვრიტიშვილი; გიორგი მიქაუტაძე; ნინო სანდოძე; პაატა სილაგაზე; გიორგი ტყავაძე; ნინო ქადაგიძე; მიხეილ ჩინჩალაძე; მარიამ ცისკაძე.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მათ "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებს.

27 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი.

ამავე თემაზე: სასამართლოს სუიციდად შეფასებული გადაწყვეტილება და უვადო მოსამართლეობის 10 კანდიდატი