გუშინ ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მთვარის "ბნელ" მხარეს ხომალდი დასვა. ხომალდი Chang'e 4 მთვარის სამხრეთ პოლუსზე ეიტკენის აუზში დაეშვა, რომელიც მთვარის ზედაპირზე არსებული ყველაზე დიდი, ძველი და ღრმა კრატერია.

წარმატებული დაშვების შესახებ პირველად ჩინური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ტვიტით შევიტყვეთ, აღსანიშნავია, რომ სააგენტოებმა შეტყობინებები გამოქვეყნების შემდეგ მალევე წაშალეს. ტვიტში ვკითხულობდით, რომ ჩინური ხომალდი Chang'e 4 მთვარის "ბნელ" მხარეს წარმატებით დაეშვა, რაც კაცობრიობისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.

წარმატებული დაშვების ოფიციალურად დადასტურება ტვიტების გამოქვეყნებიდან ორ საათში, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის საშუალებით მოხდა.

ფოტო: CNSA

ხომალდის მიზანი მთვარის ზედაპირისა და მისი მინერალური შემადგენლობის შესწავლაა. მიჩნეულია, რომ ეიტკენის აუზი მთვარის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე, გიგანტური შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. სავარაუდოა, რომ შეჯახების შედეგად ნივთიერებები მთვარის ბირთვიდან ზედაპირზე უნდა ამოფრქვეულიყო, შესაბამისად მისი ზედაპირის შესწავლით მთვარის ჩამოყალიბებაზე შესაძლოა ბევრი ახალი რამ გავიგოთ.

ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის თავდაცვის სტრატეგიის უფროსი ანალიტიკოსი მალკომ დევისი აცხადებს, რომ აღნიშნული მისია ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ამ ყველაფერში გეოპოლიტიკა და ასტროპოლიტიკაა გარეული, ეს არ არის მხოლოდ სამეცნიერო მისია, ჩინეთი ნელ-ნელა სუპერსახელმწიფოდ ყალიბდება, აღნიშნული ხომალდიც ამ დიდი მისიის ნაწილია"

ხომალდის დაშვებას გამოეხმაურა NASA-ს ადმინისტრატორი ჯიმ ბრიდენსტინიც, მისი თქმით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა.

დევისის თქმით, აღნიშნული სიახლე შესაძლოა ა.შ.შ-სთვის სასიამოვნო სულაც არ იყოს, რადგან ჩინეთი სავარაუდოდ მალე დააანონსებს, რომ ის მთვარეზე ტაიკონავტების (ჩინელი ასტრონავტი) გაგზავნას გეგმავს.

"მე ვფიქრობ, რომ ჩინეთი 2030 წლისთვის მთვარეზე ტაიკონავტების გაგზავნას შეეცდება", - აცხაებს დევისი.

Chang'e 4 პირველი ხომალდია, რომელიც მთვარის "ბნელ" მხარეზე დაეშვა, ამ დრომდე მთვარის ეს რეგიონი მხოლოდ ორბიტიდან გადაღებული ფოტოებით იყო ცნობილი.