მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მსოფლიო პატრიარქმა მიმართვა დღეს, 4 იანვარს გაავრცელა. მისი მიმართვა ვებსაიტმა Orthodoxia.info-მ გამოაქვეყნა.

"ჩვენი ქმედებები საბოლოო სახეს მიიღებს 6 იანვარს, შობის ღამეს, როდესაც ჩვენ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს გადავცემთ უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას", — წერს მსოფლიო პატრიარქი.

მსოფლიო პატრიარქის წერილში ნათქვამია, რომ თუ ისინი უარყოფენ "მათ ძმებს უკრაინიდან", რომლებიც დღეს სასოწარკვეთილ ბრძოლაში არიან, განკითხვის დღეს არ ექნებათ გამართლება.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ ტომოსი (ბრანება) უკვე დაწერილია.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა.

კიევის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქს რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფა ამ წლის აპრილში სთხოვა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტმა და უმაღლესმა რადამ.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ამბობდა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მალე მიიღებს, რადგან ეს მისი უფლებაა.

სინოდის სხდომის დროს რუსეთის საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის საკითხის გამო მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს ლოცვებში აღარ მოიხსენიებდა. ასევე, მის წარმომადგენლებთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტდა.

კიევის პატრიარქ ფილარეტს ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მხარდაჭერის იმედი აქვს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საჯარო პოზიციას იქამდე არ აფიქსირებს.