პოლიტიკური გაერთიანება გირჩი სასამართლოში სისტემაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. პარტიის განცხადებით, პრობლემა არა კონკრეტულ პირებში არამედ თვითონ სისტემაშია:

"პრობლემა არის სისტემაში, რომელიც გვაქვს სასამართლოსა და პროკურატურაში და ეს სისტემა ნებისმიერს აქცევს კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძედ (ივანიშვილი აქ მართალია, ისინი მსხვერპლები არიან)", — ნათქვამია გირჩის ფეისბუქპოსტში.

მათივე თქმით, რეფორმების მეოთხე ტალღამ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ ნიშნული ლევან მურუსიძე "მოიტანა":

"ამ სისტემას ჯალათები სჭირდება და არა ადამიანები, რომელთაც მტყუან-მართლის გარჩევა აინტერესებთ. ამიტომ შესაცვლელია ის წესი, რომელიც ჯალათობას ითხოვს მოსამართლისგან".

გირჩი სისტემის ცვლილების სამპუნქტიან გეგმას აქვეყენებს:

სამოქალაქო საქმეებზე:

  • არბიტრაჟის პრინციპზე დაფუძნებული ბევრი, ერთმანეთთან რეპუტაციულ კონკურენციაში მყოფი სასამართლო და მოსამართლე;
  • მოსამართლეობა უნდა შეეძლოს ნებისმიერს, ვისზეც თანხმდებიან მხარეები.

სისხლის სამართლის საქმეებზე:

  • თუ არ არსებობს დაზარალებული ან არ ჩივის — არ არსებობს დანაშაული;
  • პროკურორი ემორჩილება დაზარალებულს და ადამიანს აქვს უფლება აპატიოს სხვა ადამიანს;
  • პროკურორობა უნდა შეეძლოს ნებისმიერს, ვისაც აირჩევს დაზარალებული.

ადმინისტრაციულ საქმეებზე:

  • თუ ადამიანს არავინ არაფერს ედავება - ყველაფრის უფლება აქვს;
  • თუ ედავება - ამისთვის არსებობს პირველ პუნქტში მითითებული სასამართლო.

გირჩს მიაჩნია, რომ მსგავსი სისტემის დროს ნაკლები მნიშვნელობა ექნება ვინ იქნება უზენაეს სასამართლოში, რადგან ბევრად "ნაკლების გაფუჭებას შეძლებს".

"ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება მარტივად, ქართული ოცნების პირობებშიც კი, მაგრამ ერთი პრობლემაა — ასეთი სასამართლო მთავრობის ან მთავრობის რეალური უფროსის ჭკუაზე არ ივლის", — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დაპირისპირება მოსამართლეების გარშემო

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ შერჩევის პროცესმა დაპირისპირება გამოიწვია როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ისე მმართველ გუნდში.

საბჭომ უვადო მოსამართლეობის კანდიდატებად 10 ადამიანი წარადგინა. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, რომლებიც საბჭოს არამოსამართლე წევრები არიან, სიას ეწინააღმდეგებიან და მას ე.წ. ჩინჩალაძის კლანად მოიხსენიებენ.

სიას არ იზიარებს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ამ მიზეზით დატოვა ეკა ბესელიამ.

წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.

ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

გაიგეთ მეტი ქართულ ოცნებაში დაპირისპირების შესახებ აქ.