შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწოდებული პირველადი ინფორმაციით საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მათი თქმით, ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილზე გრძელდება სამაშველო ღონისძიებები.

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მომხდარ გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულია 6 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები.

ადგილობრივების ცნობით, საცხოვრებელ კორპუსში გაზის სუნის გამო ყაზტრანგაზის თანამშრომლები გამოიძახეს და მათ თქვეს, რომ საშიში არაფერი იყო. შსს-ს ცნობით, ყაზტრანგაზის თანამშრომლები ამ წუთებში იკითხებიან. კომპანიაში კი ამბობენ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ოფიციალურ განცხადებას დეტალების დაზუსტების შემდეგ გაავრცელებენ.

აფეთქებასთან დაკავშირებით გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 032 2 37 45 31.

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა