11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მუშტი სახეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ ჩაარტყა. წყაროს მიერ მიწოდებული ვიდეომასალა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.

ვიდეომასალის მიხედვით, ფედერაციის პრეზიდენტში ხელში რაღაც ნივთი უჭირავს, რომელსაც სპორტსმენის მიმართულებით იქნევს და შემდეგ მუშტს არტყამს. ამ ფაქტის შემდეგ დათუნაშვილს სახიდან სისხლი მოსდის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობისთვის ეკისრება.

"გამოძიებამ უკვე გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი. ასევე, დადგენილია კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა [მათ შორის გეგა გეგეშიძე], რომლებიც გამოსაკითხად დაბარებული იქნენ პოლიციაში. ვინაიდან მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე განაცხადეს უარი, მათი გამოკითხვა მოხდება სასამართლო წესით. გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ყველა ბერკეტი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად", — აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის მიერ On.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე ამბობს, რომ ძალადობის ფაქტი არ დაუნახავს.

"ძალადობის ფაქტი მე მეორე მხრიდან დავინახე. სხვა მე არ დამინახია არაფერი... სისხლი რომ მოსდიოდა [ზურაბ დათუნაშვილს], მაგან შეიძლება, შეხვედრაზე მოუწია, შეიძლება გულშემატკივრებთან მოუვიდა რაღაც", — ამბობს On.ge-სთან საუბრისას იანტბელიძე.

On.ge ცდილობს გეგა გეგეშიძის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებას.