ფრაქცია ქართული ოცნება აცხადებს, რომ დღემდე საეჭვო იყო ნამდვილად გავრცელდა თუ არა მათი თანაპარტიელის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ამ შინაარსის განცხადება ფრაქციამ დღეს, 31 იანვარს გაავრცელა. თუმცა, კადრები ინტერნეტში ბოლო ერთი კვირის ორჯერ გავრცელდა, ბესელიამ ორჯერვე თქვა, რომ ვიდეომასალა მის შესახებ იყო.

"რამდენიმე დღეა არ წყდება ინფორმაციის გაშუქება იმის შესახებ, რომ ხდება ჩვენი ფრაქციის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. დღემდე ის საკითხიც კი, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, ეჭვქვეშ იდგა. თუმცა, დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთი კადრები გამოჩნდა სოციალურ ქსელებშიც", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ფრაქციის განცხადების მიხედვით, მათთვის ადამიანის პირად სივრცეში შეჭრა და შესაბამისი კადრების გავრცელება არის ერთ-ერთი ყველაზე უზნეო, ამორალური ქმედება და უმძიმესი დანაშაული, რასაც მყისიერი რეაგირება სჭირდება.

"ჩვენ ბოლომდე სოლიდარულები ვართ, როგორც ჩვენი ფრაქციის წევრის, ეკა ბესელიას, ასევე ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც შეიძლება ასეთი უზნეობის მსხვერპლი გახდეს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ განსხვავებულ აზრს ან პოზიციას აფიქსირებს რომელიმე თემაზე — არსებობს საკითხები, სადაც ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და საბოლოოდ დავამარცხოთ ასეთი უღირსი მოქმედებები", — განმარტავს ფრაქცია.

ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში დღეს, 31 იანვარსაც გავრცელდა. ბესელიამ თქმით, ის ელოდა და მზად იყო, რომ მის წინააღმდეგ მდაბიო მეთოდებს გამოიყენებდნენ.

"რამდენიმე ადამიანი ჩვენი პარტიიდან მესაუბრა და ყველა მახსოვს ვინ მესაუბრა და ვინ როგორ, ყველაფერი დავიმახსოვრე... კომენტარებს რომ ვუყურებდი, რამდენიმეს კომენტარში არამყარი და მინიშნებითი რაღაცები დავინახე —"არავის არ უნახავს", "მართალი არ არის" — მსგავსი [განცხადებები]", — თქვა თანაპარტიელებზე საუბრისას მან.