ალოჰომორა პოტერჰედებო, ჯოხები მოიმარჯვეთ, მანტიები მოისხით და ჯადოსნურ სამყაროში სამოგზაუროდ მოემზადეთ. ფანჯარებთან ბუებისა და ჰოგვორტსიდან მოტანილი წერილების ძებნას ნუ დაიწყებთ, შეხვედრის ადგილი პლატფორმა 9 და 3/4 არ არის. ამჯერად ჰოგვორტსის ნაცვლად, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გელიან.

10 თებერვალს მსოფლიოს მასშტაბით ჰარი პოტერის წიგნის საღამო იმართება და ეროვნული ბიბლიოთეკაც ჯადოსნური სამყაროს ნაწილი ხდება. საღამოს ორგანიზატორი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ამბობს, რომ ჯადოსნური აურის გარდა, გელით ასაკის შესაბამისად განაწილებული თამაშები, კონკურსები, საჩუქრები და სურპრიზები.

ღონისძიება 3 ასაკობრივ ჯგუფში 5 ნაკადად გაიმართება, თითო ნაკადისთვის 1 საათია განსაზღვრული. დასასწრებად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება. დეტალური ინფორმაცია ფეისბუქის მაგლურ ივენთზე შეგიძლიათ ნახოთ.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საღამოზე საუკეთესო კოსტიუმის ავტორი შეირჩევა, ამიტომ თამამად შეგიძლიათ სკივრს თავი ახსნათ და გამოამზეუროთ მრუდე ქუჩაზე შეძენილი მანტიები, ქუდები თუ ჰოგვორტსის კლუბის კაშნები.

გაფრთხილება! საღამოზე ჯადოსნური ცოცხით, თესტრალებით ან უიზლის მფრინავი მანქანით მისვლა რეკომენდირებული არ არის, რადგან ეროვნულ ბიბლიოთეკას მაგიური ტრანსპორტის პარკირება ჯერ არ მოუგვარებია.