ინდოეთში მცხოვრებ 27 წლის რაფაელ სამუელს სურს, რომ მისი მშობლები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, რადგან ამ სამყაროში მის მოსავლენად ნებართვა არ აუღიათ.

როგორც რაფაელმა BBC-ის უთხრა, შვილების გაჩენა არასწორია, რადგან მათ ცხოვრებისეულ სირთულეებთან შეჭიდება უწევთ. მას ესმის, რომ გაჩენამდე თანხმობის მოპოვება შეუძლებელია, მაგრამ მაინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ დაბადება მისი გადაწყვეტილება არაა.

რაფაელი დასძენს, რომ მშობლებთან იდეალური ურთიერთობა აქვს და ისინი ძალიან უყვარს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ისინი მათ საკუთარი სიხარულისა და სიამოვნებისთვის გააჩინეს.

და რადგანაც დაბადებაზე ნებართვა არ აუღიათ, მაშინ მას მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა უხდიდნენ გადასახადს.

ასეთი მოთხოვნა, შესაძლოა, ნებისმიერ ოჯახში განხეთქილების საბაბი გახდეს, მაგრამ როგორც ჩანს, რაფაელის მშობლები შვილის მოთხოვნას იუმორით უყურებენ.

"ვაფასებ ჩემი შვილის თავდაჯერებულობას, რომ სურს ორივე მშობელი სასამართლოში წაიყვანოს. იმის მიუხედავად, რომ იცის, ორივენი იურისტები ვართ. თუ რაფაელს ექნება რაციონალური ახსნა, თუ როგორ უნდა მიმეღო მის გაჩენაზე თანხმობა, ჩემს ბრალს ვაღიარებ", - დაწერა რაფაელმა ფეისბუქზე დედამისის სახელით.

რაფაელი ფილოსოფიური მიმდინარეობის, ანტინატალიზმის წარმომადგენელია. ანტინატალისტების მიხედვით, დაბადებას უამრავი ნეგატიური რამ ახლავს თავს, რადგან ცხოვრება უამრავი სატანჯველითაა სავსე, ამიტომაც გამრავლება მორალურად გაუმართლებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.