სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ დღეს, 7 თებერვალს სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლექციები შეუჩერეს საბაბით, რომ იგი "პატრიარქისა და სხვა ეკლესიების მეთაურების მტერია".

"რეალური მიზეზი ჩემს მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტებია. საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი გააჩნიათ. ფიქრობენ, რომ თუ მე აკადემიიდან ფეხს ამომიკვეთავენ სტუდენტების გაშვებას ვეღარ მოვახერხებ", — წერს ბარნოვი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

თეოლოგიის პროფესორი აცხადებს, სამეცნიერო საბჭოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მისივე მხარდამჭერი განცხადებები მხოლოდ საბაბად მოაქვს, რადგან სინოდს ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია:

"ბევრ მღვდელმთავარს ჩემნაირი პოზიცია აქვს. ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რექტორმა ჩემი დასჯის პროცედურა ფორმალურად "ამხანაგების": მღვდელ შალვა კეკელიას, მღვდელ ბიძინა გუნიას და გვანცა კოპლატაძის ტრადიციულ მონოლოგებზე დააფუძნა".

დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს, რომ გოჩა ბარნოვი კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თეოლოგიის დოქტორი და ათენის უნიერსიტეტის კურსდმთავრებულია და მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. მისივე თქმით, ბარნოვის გარიცხვა ამ სასწავლებლის პროფესურიდან არის "რუსული გავლენების გაძლიერების მცდელობა საქართველოს ეკლესიაში".

"ვადასტურებ, რომ არათუ გოჩა ბარნოვი, თავად თბილისის სასულიერო აკადემიის ხელმძღვანელობა ადასტურებს თავისი ქმედებებით, რომ ისინი რუსული ძალების სამსახურში დგანან და რეპრესიული მეთოდებით სჯიან განსხავებული პოზიციის ადამიანებს. ვაცნობიერებ, რომ ჩემს მხარდამჭერ წერილს მოჰყვება დიდი ზეწოლა შესაბამისი ძალების მხრიდან, მაგრამ მათ ვაფრთხილებ, რომ ეს არ დარჩება სათანადოდ პასუხგაუცემელი. დროა, რუსული გავლენები დასრულდეს საქართველოს ეკლესიაზე", — წერს ჭიღლაძე.

განახლება: თბილისის სასულიერო აკადემიაში განმარტავენ, რომ პროფესორი გოჩა ბარნოვი არ გაუთავისუფლებიათ, უბრალოდ საბჭომ უკმაყოფილება გამოთქვა იმ განცხადებების გამო, რომელიც პროფესორმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გააკეთა.