მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, თიბისი ბანკიდან მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გადაყენების მოთხოვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7,29 პროცენტით შემცირდა, რეალურ თანხაში ეს მაჩვენებელი 55 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის თაობაზე, თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განცხადება გუშინ, 14 თებერვალს ლონდონის დროით 13:59 წუთზე გაავრცელა. ამ დროისთვის ბანკის ერთი აქციის ფასი 14,26 გირვანქა სტერლინგი იყო, 24 საათის შემგედ კი, ერთი აქციის ფასი, 13,22 გირვანქა სტერლინგია. განცხადების გამოქვეყნებიდან ერთ წუთში ბანკის აქციებზე ფასი 3,8 პროცენტით დაეცა.

ეს ბოლო წლების განმავლობაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. თიბისის ხელმძღვანელი პირების გადაყენების მოთხოვნაზე ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს დღის მეორე ნახევარში გაავრცელა.

განცხადების გამოქვეყნებიდან 24 საათში თიბისი ბანკის ერთ აქციაზე ფასი 1,02 გირვანქა სტერლინგით შემცირდა. მიმდინარე გაცვლითი კურსით თიბისი ბანკის დანაკარგი 185 მილიონი ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისის ხელმძღვანელი თანამდებობიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს. მიზეზი საქართველოში დაწყებული გამოძიებაა, რომლითაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებენ. მათივე განმარტებით, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა ორთვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თიბისი ბანკმაც. თიბისი ბანკის განცხადებით, აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას "მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა" უწოდა.

9 იანვრის სავაჭრო დღის დახურვის შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციებზე ფასი 5,38 პროცენტით შემცირდა. $803 მილიონიდან $760 მილიონამდე შემცირდა კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციაც. ბოლო ერთი წლის მანძილზე ბანკის აქციებზე ფასები ‎13,42-დან ‎19,3 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობდა.