ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა საქართველოს საპატრიარქოსთან 17 თებერვალს, 12 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსა. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"წუხელ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი ძმის მოკვლა უნდათ. გთხოვთ ხვალ კვირას 12 საათზე საპატრიარქოსთან მოდით და დამიდექით გვერდში. მარტო ვარ და ვერ ვშველი მამა გიორგის. თქვენი დახმარება მჭირდება", — წერს თორნიკე მამალაძე.

ე.წ. ციანიდის საქმეზე გასამართლებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გუშინ 15 თებერვალს გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი დიაგნოზით დეკანოზს ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა(ინსულტი) აქვს.

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.