საქართველოს ფოსტა წელს წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს მეექვსედ ჩაატარებს.

წლევანდელი საკონკურსო თემა იქნება "დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ". კონკურსის მიზანი კი ახალგაზრდა თაობაში წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნებაა.

კონკურსი, რომელსაც საფუძველი მსოფლიო საფოსტო კავშირის ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა, 1971 წლიდან სისტემატურად იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა იღებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 15 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  • წერილი უნდა იწყებოდეს მისალმებით;
  • მითითებული უნდა იყოს, როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების მონაცემები;
  • წერილის ბოლოს დატანილი უნდა იქნას გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი;
  • წერილის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას;
  • კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული;
  • წერილი უნდა შედგებოდეს ათასი სიტყვისგან.

აღსანიშნავია, რომ წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენაზეც. ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 29 მარტის, 18:00 საათია.

ჟიური საუკეთესო სამეულს შეარჩევს, რომლებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, მათგან საუკეთესო ნამუშევარი კი მსოფლიო საფოსტო კავშირში გაიგზავნება და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება. ასევე ყველა მონაწილეს სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცემა.

საკონკურსო წესები და პირობები ამ ბმულზე დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ.