კანადელი მსახიობი ელიოტ პეიჯი, რომელმაც 1 დეკემბერს განაცხადა, რომ ტრანსგენდერი კაცია, TIME-ის გარეკანზე გამოჩნდა. მან ღიად ისაუბრა საკუთარი იდენტობის გასაჯაროების გადაწყვეტილებაზე და გახდა პირველი ტრანსგენდერი კაცი, რომელიც ჟურნალის ყდაზე დაბეჭდეს. მისი ფოტოგრაფი ასევე ტრანსგენდერი ვაინ ნეილია.

"სრულად საკუთარი თავი ვარ", — ასე ჰქვია Inception-ისა და X-men-ის მსახიობის ინტერვიუს.

ეს ასევე პეიჯის პირველი ინტერვიუა დაქამინგაუთების [სექსუალური იდენტობის გამჟღავნება] შემდეგ.

ფოტო: TIME

ფოტო: TIME

"ადამიანებისგან ერთდროულად მხარდაჭერა, სიყვარული და ასევე დიდი დოზით ტრანსფობია ვიგრძენი. ჩემი დაქამინგაუთების შემდეგ ეს მოხდა", — ამბობს ელიოტი ინტერვიუში.

მსახიობი, რომელსაც ოსკარის ნომინაცია აქვს მიღებული ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში Juno, ბავშვობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ თავს ადრეული ასაკიდანვე ბიჭად გრძნობდა. ის გამარჯვების ტოლფასად იხსენებს მოგონებას, როცა 9 წლის ასაკში თმის მოკლედ შეჭრა შეძლო.

ელიოტ პეიჯი 5, 10 და 7 წლის ასაკში.

ფოტო: Elliot Page

მან გაიკეთა მკერდის ოპერაციაც, რამაც, მისი სიტყვებით, "ცხოვრება სრულად შეცვალა". ელიოტის თქმით, გართობის ინდუსტრიაში ტრანსგენდერ ადამიანებს თანასწორობის მოპოვება უჭირთ და სტერეოტიპები მასკულინურობასა და ქალურობაზე ჯერ ისევ ჭარბობს:

"ძალიან გავლენიანი ხალხი აჟღერებს ამ დამაზიანებელ რიტორიკასა და მითებს და ყოველდღიურად გიწევს შენი არსებობის განხილვის მოსმენა. ტრანსგენდერი ადამიანები ვარსებობთ და მეტი ხილვადობა გვინდა".

ფოტო: TIME

ფოტო: TIME

ელიოტ პეიჯი, რომელსაც წარსულში ელენ პეიჯად ვიცნობდით, პირველად 2014 წელს დაქამინგაუთდა და განაცხადა, რომ გეი იყო.

"გამარჯობა მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ტრანსი ვარ, ჩემზე საუბრისას გამოიყენეთ ნაცვალსახელები he/they და მე მქვია ელიოტი. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამის თქმა შემიძლია, რომ აქ ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში აქამდე მოვაღწიე", — დაწერა ნეტფლიქსის The Umbrella Academy-ის ვარსკვლავმა ინსტაგრამზე 1 დეკემბერს.

პეიჯმა ინსტაგრამზე TIME-ის გარეკანიც აღნიშნა:

"პატივისცემას ვუცხადებ მათ, ვინც ჩემამდე გამოვიდა საჯაროდ, მადლიერი ვარ მათი, ვინც მხარი დამიჭირა და ბევრს ვფიქრობ ტრანსგენდერ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ჩვენი დაცვა სჭირდებათ. შემომიერთდით სიძულვილისა და დისკრიმინაციასთან წინააღმდეგ ბრძოლაში".