კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი "კიდევ ერთხელ გვპირდება", რომ ყველა განსხვავებული აზრით დაინტერესდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"რაც არ უნდა ეს ვიღაცას არ მოსწონდეს, რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები და დავინტერესდები, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს. ეს არის უბრალოდ ჩემი, ქართული ოცნებისადმი კუთვნილების გამო, ზიზღი და კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთეს კეთებას. მათთვის ჩემი კარი ღიაა", — ამბობს წულუკიანი.

19 მარტს POSTV-ის ეთერში წამყვანმა თეა წულუკიანს ჰკითხა, როგორი იქნება მისი მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებულ სტრუქტურებში მუშაობენ, ნაციონალურ მოძრაობაზე სიმპათიას ღიად გამოხატავენ და ქართული ოცნების წინააღმდეგაც გამოდიან. მინისტრმა თქვა, რომ, თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, შეეცდება, გაიგოს, საიდან მოდის მათი ეს განსხვავებული აზრი.

ამას კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან ღია კრიტიკა მოჰყვა. საოპერო მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ სანამ კულტურის სფეროს თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, საქართველოში სცენაზე "ფეხს არ დადგამს".