კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კულტურის სფეროში არ არსებობს სისტემა, ამიტომ ის, რომ ეს შეიქმნება, "ორჯერ ორი ოთხია". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"თურმე ქალბატონი ინგა გრიგოლია ავითარებს ნარატივს, თეორიას, რომ წულუკიანს უნდა ცენზურა [...] ისიც თურმე უთქვამთ, თეორია ასეთია, რომ მე ვარ ბერია. მე ქალბატონ ინგას მინდა ვკითხო — სად არის ცენზურა? არ არის ცენზურა. მაგრამ ის, რომ სისტემა შეიქმნება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამ სფეროში არ არსებობს სისტემა.

თუ არ იარსებებს სისტემა, ძვირფას მომღერლებს, მათ შორის, ქალბატონ ანიტას მინდა ვუთხრა, რომ თუ არ იარსებებს სისტემა, საიმინსტროს აპარატი კვალიფიციური კადრებით, თუ არ იარსებებს ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ ვერ იქნებიან ისინი ხელშეწყობილები", — თქვა მან.

წულუკიანმა თქვა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, ეს შეიძლება, ვინმეს არ მოსწონდეს, ის განსხვავებული აზრით "მაინც დაინტერესდება".

19 მარტს POSTV-ის ეთერში წამყვანმა თეა წულუკიანს ჰკითხა, როგორი იქნება მისი მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებულ სტრუქტურებში მუშაობენ, ნაციონალურ მოძრაობაზე სიმპათიას ღიად გამოხატავენ და ქართული ოცნების წინააღმდეგაც გამოდიან. მინისტრმა თქვა, რომ, თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, შეეცდება, გაიგოს, საიდან მოდის მათი ეს განსხვავებული აზრი.

ამას კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან ღია კრიტიკა მოჰყვა. საოპერო მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმა ფეისბუქზე დაწერა ,რომ სანამ კულტურის სფეროს თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, საქართველოში სცენაზე "ფეხს არ დადგამს".