კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფომ ისეთი ფილმები უნდა დააფინანსოს, რომელიც ახალგაზრდა თაობებს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს უნერგავს. ამის შესახებ მან იმედის დილის ეთერში ისაუბრა და ასე უპასუხა წამყვანის კითხვას დაფინანსებაზე. ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, "ისეთ ხელოვანებს, რომლებიც კლიშეებს ანგრევენ ექნებათ თუ არა თეა წულუკიანის მხარდაჭერა?" და მაგალითად ფილმი — And then we danced მოუყვანა.

"გააჩნია რა იგულისხმება მხარდაჭერაში. თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც პროპაგანდას უწევს იმას, რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, რადგან მე ვარ, არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი. მეც მაქვს ჩემი გემოვნება, ცუდი თუ კარგი, როგორც ყველას.

მაგრამ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით, ერთი მხრივ, საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, არავის ეწყინოს, მაინც გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს. მათ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო და ამ ახალგაზრდა თაობებში განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, ვინც არის ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე ან მეოთხე თაობა. ეს მტკივნეული საკითხებია და ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს ჩემი გადმოსახედიდან", — თქვა წულუკიანმა.

19 მარტს წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა. თეა წულუკიანი, რომელიც 8 წლის განმავლობაში იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოსტს და ქართული ოცნების ყველაზე გრძელვადიან მინისტრად ითვლება, 2020 წლის არჩევნების შემდეგ მე-10 მოწვევის დეპუტატი გახდა და პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.