შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი, ნანა ბურჭულაძე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის პირველ ვიზიტს მუზეუმში სადამსჯელო ექსპედიციას ადარებს. მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების მთავარი კურატორი ამბობს, რომ მინისტრი მას და მის თანამშრომლებს ისე შეხვდა, როგორც დამნაშავეებს.

"პირველი მისი [თეა წულუკიანის] მოსვლა მუზეუმში, ეს იყო რაღაც სადამსჯელო ექსპედიცია. პირველად ვამბობ ამას ღია სივრცეში, მაგრამ, ისეთი მტკივნეული იყო ეს თითოეული ჩვენთაგანისათვის. ის შემოვიდა ჩვენს კოლექტივში — კურატორები, ბატონი დავითი ბრძანდებოდა [ლორთქიფანიძე], ქალბატონი ეკა [კიკნაძე] — როგორც დამნაშავეებთან. თავიდანვე გამოგვიცხადა, რომ ჩვენ გამოვშიგნეთ მუზეუმი. ეს არ არის მოგონილი, მისი პირიდან ისმის ეს სიტყვები და რომ მუზეუმიდან მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი რაღაცა დარჩა. გადაწყვიტა, რომ მან უნდა მოკიდოს ხელი ამ საქმის გამოსწორებას.", — ყვება ნანა ბურჭულაძე ფორმულას ეთერში.

ნანა ბურჭულაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მუშაობდნენ ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გადატანისა და მათი დროებით სხვა სივრცეში დაბინავების გეგმაზე. ბურჭულაძე ყვება, რომ თეა წულუკიანმა, მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საქმეში არაპროფესიონალი ადამიანები ჩართო, რომლებიც არ ითვალისწინებდნენ მუზეუმის ძველი თანამშრომლების აზრსა და ხედვებს.

"[თეა წულუკიანმა] ჩამოაშორა მმართველები — ის ადამიანები, ვინც მუშაობდნენ ამ კონცეფციაზე, ვინც გვამზადებდა ჩვენ ამ სიახლეებისთვის, მოიყვანა არაპროფესიონალი ადამიანები და დაგვაწყებინეს თავიდან კეთება იმისა, რაც უკვე გაკეთებული გვქონდა. რაც შეეხება იმ გეგმის რაღაცა ნაწილების გამოყენებასაც კი, ამაზე კედელი აღმართეს [...] არც რჩევა მათგან, არც დაინტერესება მათ როგორ ჰქონდათ ეს წარმოდგენილი ან სად უნდა გადაეტანათ ეს ფონდები", — აცხადებს ნანა ბურჭულაძე.

ის ფიქრობს, რომ მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და მასში დაცული ფონდების სხვაგან გადატანის ახალი გეგმა, რეალურად, კულტურის სამინისტროს არ გააჩნია.

ხელოვნების მუზეუმის დაცვის მოტივით 5 აგვისტოს ორი აქცია გაიმართა. ერთი თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული, სადაც აქტივისტებმა გამაფრთხილებელი, ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტეს მუზეუმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები. რაც შეეხება მეორე აქციას, მასში მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად პოლიტიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები და აქტივისტებიც მონაწილეობდნენ და მოითხოვეს მუზეუმის შენობის გამაგრება და რესტავრაცია პროექტი მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირებმა შეასრულონ.