რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი ჯარები წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი განლაგების პუნქტებს უბრუნდებიან. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის თქმით, სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ზოგიერთმა ქვედანაყოფმა დაასრულა წვრთნები და ბაზაზე დაბრუნება უკვე დაიწყო.

"საბრძოლო მომზადების აქტივობების დასრულების შემდეგ, ჯარები, როგორც ყოველთვის, კომბინირებულ მსვლელობით თავიანთ მუდმივ განლაგების პუნქტებს დაუბრუნდებიან. სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი ამოცანები, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის დატვირთვა და დღესვე დაიწყებენ გადაადგილებას სამხედრო გარნიზონებისკენ", — ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სამხედრო ძალების ფართომასშტაბიან, ოპერატიულ მომზადებას, რომელშიც მონაწილეობას იღებს თითქმის ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი და საჰაერო სადესანტო ძალა.

პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვართან და ბელარუსის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა.

14 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისთვის სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსალოდნელ ომზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუბნებიან, რომ 16 თებერვალს დაიწყება სამხედრო ინტერვენცია, რასაც ისინი ერთობით უპასუხებენ. კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დღეს უკრაინის დროშების და ცისფერ-ყვითელი ლენტების გამოფენით შეხვდებიან და მსოფლიოს მათ ერთიანობას აჩვენებენ.

11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას.

გაიგე მეტი: