რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ იდეალური გეგმით საჭიროა "გაათავისუფლონ უკრაინა და გაწმინდონ ნაცისტებისგან". მედუზას ინფორმაციით, ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რას ნიშნავს უკრაინის "უკრაინის დენაციფიკაცია", რომელიც პუტინმა მიმართვაში ახსენა.

როდესაც პესკოვს სთხოვეს აეხსნა, რას ნიშნავდა უკრაინის "დემილიტარიზაცია", რომელიც ასევე პუტინმა ახსენა, მან თქვა, რომ საუბარია "სამხედრო პოტენციალის განეიტრალებაზე".

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აყვნენ პანიკას.

სიტუაცია მუდმივად იცვლება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დანაკარგები არის ორივე მხარეს. მაგალითად, უკრაინული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვის შემოვლით გზაზე 4 ტანკი დაიწვა, განადგურდა 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და დაიღუპა 50-მდე რუსი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რომ 24 თებერვლის ღამეს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირი დაიღუპა. გარდა ამისა, რუსებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაიღუპა ერთი არასრულწლოვანი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა მოუწოდა მოქალაქეებს, ვინც მზადაა და იცის იარაღის გამოყენება, ახლავე შეუერთდეს შეიარაღებულ ძალებს. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მისცემენ იარაღს ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა სურს.

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები. დაგეგმილია G7-ის, ნატოს და გაეროს საგანგებო სხდომები.

გაიგეთ მეტი: