პუტინის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსული კომპანიების აქციების ღირებულება რეკორდულად მცირდება. შესაძლებელია ითქვას, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკაა.

არსებული ინფორმაციით, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი (MOEX Russia Index) ბოლო ერთ დღეში 33,48%-ით არის შემცირებული. ბოლო საათების განმავლობაში ამ ინდექსის კიდევ უფრო მასშტაბური კლება ფიქსირდებოდა. წლიურ ჭრილში ინდექსი შემცირებულია 45,91%-ით.

რაც შეეხება რუსული კომპანიების აქციებს, ბოლო მონაცემების მიხედვით, საფონდო ბირჟაზე ასეთი მდგომარეობაა:

  • სბერბანკი — აქციების ფასი დაეცა 49,46%-ით;
  • როსნეფტი — აქციების ფასი დაეცა 48,77%-ით;
  • ვტბ — აქციების ფასი დაეცა 42,16%-ით;
  • გაზპრომი — აქციების ფასი დაეცა 41,71%-ით;
  • იანდექსი — აქციების ფასი დაეცა 34,83%-ით;
  • ლუკოილი — აქციების ფასი დაეცა 28,9%-ით.

აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე კომპანიების აქციების ღირებულება ყოველწუთიერად იცვლება.

პუტინის აგრესიის შედეგად გაუფასურდა რუსული რუბლიც. CNBC-ის ინფორმაციით, დღეს დილით, 8:40 საათზე მოსკოვში რუბლი დოლართან მიმართებით 89,8903-იან ნიშნულზე ივაჭრებოდა, რაც გასული დღის კურსთან შედარებით 10,45%-იანი გაუფასურებას ნიშნავს. ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება დაახლოებით 83 რუბლია.


პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.

სიტუაცია მუდმივად იცვლება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დანაკარგები არის ორივე მხარეს. მაგალითად, უკრაინული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვის შემოვლით გზაზე 4 ტანკი დაიწვა, განადგურდა 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და დაიღუპა 50-მდე რუსი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 24 თებერვლის ღამეს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირი დაიღუპა. გარდა ამისა, რუსებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაიღუპა ერთი არასრულწლოვანი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა მოუწოდა მოქალაქეებს, ვინც მზადაა და იცის იარაღის გამოყენება, ახლავე შეუერთდეს შეიარაღებულ ძალებს. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მისცემენ იარაღს ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა სურს.

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები. დაგეგმილია G7-ის, ნატოს და გაეროს საგანგებო სხდომები.

გაიგეთ მეტი: