უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება პარტნიორებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მოვუწოდებ ჩვენს ყველა პარტნიორს, იგივე გააკეთოს. ამ კონკრეტული ნაბიჯით თქვენ აჩვენებთ, რომ უკრაინის გვერდით დგახართ და კატეგორიულად უარყოფთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აგრესიის ყველაზე უხეშ ქმედებას", — წერს ის.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.

სიტუაცია მუდმივად იცვლება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დანაკარგები არის ორივე მხარეს. მაგალითად, უკრაინული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვის შემოვლით გზაზე 4 ტანკი დაიწვა, განადგურდა 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და დაიღუპა 50-მდე რუსი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 24 თებერვლის ღამეს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირი დაიღუპა. გარდა ამისა, რუსებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაიღუპა ერთი არასრულწლოვანი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა მოუწოდა მოქალაქეებს, ვინც მზადაა და იცის იარაღის გამოყენება, ახლავე შეუერთდეს შეიარაღებულ ძალებს. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მისცემენ იარაღს ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა სურს.

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები. დაგეგმილია G7-ის, ნატოს და გაეროს საგანგებო სხდომები.

გაიგეთ მეტი: