ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტში ჩართვაა და ამას არ და ვერ გააკეთებენ.

"მოხალისეების გაგზავნა ქვეყნის გარეთ, უკრაინაში ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას. ამას, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავაკეთებთ, არ გავაკეთებთ [...] საუბარი იყო სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნაზე", — ამბობს ის.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩს გაიწვევს. უცნობია ის კონსულტაციებისთვის გაწვევას გულისხმობს თუ არა. ზელენსკი ამბობს, რომ მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლაა.

გუშინ, 28 თებერვალს უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა ტვიტი 4 ენაზე გამოაქვეყნა და ქართველ ხალხს მიმართა — "თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში".

ამ პოსტამდე მან ასევე 4 ენაზე დატვიტა, რომ საქართველოს აეროპორტში მოქალაქეები ელოდებიან, ფრენებს, რათა უკრაინაში ჩავიდნენ. შმიგალი წერს, რომ "იმედია ირაკლი ღარიბაშვილი გამოიჩენს თავის გამბედაობას და ფრენის უფლებას მოგცემთ".

გუშინ ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოხალისეები უკრაინაში გაფრენას ცდილობენ, თუმცა პროცესს ხელისუფლება აფერხებს.

ამასთანავე, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. მისი თქმით, რუსეთის სანქცირების შემთხვევაში, ფული, რომელიც საქართველოში შემოდის, "ხალხს მოაკლდება".

25 თებერვალს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ არავითარ საჭიროებას არ ხედავს უკრაინის საკითხზე პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის და მას თავისი საქმე აქვს, პარლამენტსაც თავისი საქმე აქვს, ომი კი უკრაინაში მიმდინარეობს.

მოსახლეობამ ღარიბაშვილის განცხადება გააპროტესტა და ათასობით ადამიანი პარლამენტთან შეიკრიბა. ამის შემდეგ ზელენსკიმ Twitter-სა და საკუთარ ვიდეომიმართვაში ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ "არის დრო, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ არიან მთავრობაზე უკეთესები".