უკრაინული მედია ევროპეისკაია პრავდა წერს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს 15 საწარმოზე სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით კიევისა და თბილისის ოფიციალურ პირებს შორის კონსულტაციები შედგა, რა დროსაც ქართველი დიპლომატები უკრაინელებს არწმუნებდნენ, რომ ეს ინფორმაცია იყო "რუსული ფეიკი".

"საელჩომ მაშინვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამინისტრომ უარყო ინფორმაცია და განაცხადა, რომ ეს იყო სიცრუე და კიდევ ერთი დადასტურება რუსული მედიის ყალბი პრაქტიკის შესახებ", — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უკრაინული მედიის ცნობით, თბილისში უკრაინის საელჩოს ეკუთვნის.

ევროპეისკაია პრავდა უკრაინელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს გარანტიები. დიპლომატების თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მათ განუცხადა, რომ რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და არც ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე გატანას აპირებენ.

ამის შემდეგ საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის გადაწყვეტილებაც სწორედ ამის საფუძველზე იქნა მიღებული.

ევროპეისკაია პრავდას განცხადებით, თბილსიდან ერთ-ერთმა წყარომ დაუდასტურა ჩეკურაშვილსა და როსელხოზნაძორის ხელმძღვანელს შორის სატელეფონო საუბრის ფაქტი.

On.ge დამატებითი ინფორმაციის გარკვევას საქართველოში უკრაინის საელჩოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც მოქმედებს როგორც სადამსჯელო ორგანო რუსეთის ფედერაციის არამეგობრული სახელმწიფოების მიმართ სავაჭრო სანქციების დაწესებისთვის, 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის პროდუქტების გატანის ნებართვა მისცა.

Tass-ის ცნობით, როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება მის ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურაშვილსა და სურსათის უვნებლობის თავმჯდომარეს შორის 5 მარტის მოლაპარაკების შედეგად მიიღეს.