ვერსალში შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ევროპულმა საბჭომ "აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები". ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას "ევროინტეგრაციის გზაზე".

"ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში არის ასახული. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინის მიერ საკუთარი ბედის არჩევის უფლების განხორციელებისას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და შესთავაზა ევროკომისიას, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ფუძემდებლური შეთანხმებების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლად, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გასაგრძელებლად. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის", — ნათქვამია განცხადებაში.

საბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოიწვია კომისია, რათა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით.

განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის არანაირი თარიღი, როდის მიიღებს უკრაინა კანდიდატი წევრის სტატუსს. შეხვედრამდე ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ არსებობს. რუტემ აღნიშნა, რომ კომისიებს წევრობის განაცხადის შეფასება ევალებათ, რაც შემდეგ საბჭომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუმცა ამას შესაძლოა, თვეები, ან წელიწადიც დასჭირდეს. შეხვედრის შემდეგ კი ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უთხრეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციას. მისი თქმით, პროცესი დაიწყო.

გარდა ამისა, საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. მათი თქმით, რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს, გაეროს წესდების პრინციპებს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

"რუსეთს და მის თანამზრახველ ბელარუსს ამ აგრესიული ომისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ და დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთი დანაშაულებისთვის, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმებისთვის. ამ მხრივ მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ", — ვკითხულობთ განცხადებაში.

წევრები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

"მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის თავდასხმა შეწყდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე. შემოვიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და კვლავ მზად ვართ ახალი სანქციები წრაფად შემოვიღოთ", — აცხადებენ ისინი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას ხელი 28 თებერვალს მოაწერა. პირველ მარტს კი ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უმკაცრესად გმობს რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.