ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ყველას, ვინც მისი გამონათქვამი ბუჩას "ობიექტური აღქმით დაუკავშირა", ბოდიშს უხდის. აქვე ამატებს, რომ ბოდიშს არ უხდის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, რომელებიც მისი თქმით, ოხანაშვილის სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს.

ოხანაშვილის თქმით, სამწუხაროდ, გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ.

"თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა.
რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი!", — ამბობს ის.

გუშინ, 6 აპრილს ჟურნალისტმა ოხანაშვილს ჰკითხა — "რას ნიშნავს ეს დამოკიდებულება, როგორც გამოვიყურებით საერთაშორისო პარტნიორებთან" მას შემდეგ, რაც აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან ზელენსკიმ 19 ქვეყნის პარლამენტს მიმართა, ხოლო საქართველოში "უარი ეთქვა". ოხანაშვილის თქმით, საქართველომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა, რის შემდეგაც მან ენმ-ს "შუამავლობაზე" ისაუბრა.

"კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ, ასწავლიან, რაც არამგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყო, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად, ალბათ, უკრაინაში", — თქვა მან.

ამის შემდეგ, მან თქვა, რომ მის განცხადება "მიზანმიმართულად, კონტექტიდანაა ამოგლეჯილი" და ნაციონალური მოძრაობისა და "პარტიული ტელევიზიების ბინძურ ცილისწამების კამპანიაზე" საუბრობდა.