უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციას მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.

"ვფიქრობ, განსაკუთრებით ცინიკურია, რომ სამხედრო კამუფლაჟი გამოიყენა. მან ასე სცადა შენიღბვა, როგორც "ჯარისკაცი", როგორც "პატრიოტი".

კარგი, თუ მედვედჩუკმა აირჩია საკუთარი თავისთვის სამხედრო ფორმა, ის ომის წესებს ექვემდებარება. მე რუსეთის ფედერაციას ვთავაზობ, რომ ეს თქვენი ბიჭი გაგვიცვალეთ ჩვენს ბიჭებსა და გოგოებში, რომლებიც ახლა რუსეთის ტყვეობაში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა და სამხედროებმაც განიხილონ ეს შესაძლებლობა", — აცხადებს ზელენსკი.

უკრაინაში პრორუსი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაკავებულის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის წერს, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მედვედჩუკს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმა ეცვა, რათა შენიღბულიყო.