პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ CNN-ს განუცხადა, რომ რუსულ სამხედრო გემ "მოსკოვზე" სერიოზული აფეთქება მოხდა, თუმცა ის სვლას აგრძელებს. მისივე თქმით, გემი, სავარაუდოდ, სევასტოპოლში შესაკეთებლად გაჩერდება.

"ჩვენ არ ვართ ზუსტად დარწმუნებული, რა მოხდა იქ. ჩვენი შეფასებით, მოხდა სულ მცირე ერთი აფეთქება ამ კრეისერზე, საკმაოდ სერიოზული, რამაც გემს დიდი ზიანი მიაყენა. [...] ჩვენი შეფასებით, გემს შეუძლია საკუთარი გზის გავლა და ის ამას აკეთებს. ვფიქრობთ, ის ახლა უფრო აღმოსავლეთისაკენ მიდის. ჩვენი აზრით, ის, სავარაუდოდ, გაჩერდება სევასტოპოლში შესაკეთებლად, მაგრამ არ ვიცით კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს [აფეთქება]" — თქვა მან.

კირბი ამბობს, რომ გემი შავი ზღვის გასწვრივ მოძრაობს და პენტაგონი გააგრძელებს მისი მონიტორინგის მცდელობას.

კრეისერის დაბომბვაზე ინფორმაცია გუშინ, 13 აპრილს გავრცელდა. უკრაინულ მედია წერდა, რომ იწვის რუსული სამხედრო გემი სახელად "მოსკოვი" — სწორედ ის, რომელსაც კუნზულ ზმეინის მცველებმა მიმართულება ომის დაწყებისთანავე მიუთითეს.

დღეს კი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ "მოსკოვი", რომელიც კუნძულ ზმეინის მცველებმა "ნა ხ*ი" გაუშვეს, იძირება. თუმცა, რუსეთი არ აღიარებს, რომ "ნა ხ*ი" გაშვებული სამხედრო გემი მოსკოვი ჩაიძირა. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და მუშაობენ იმაზე, რომ გემი პორტში ბუქსირით შეიყვანონ.