რუსეთი მარიპოლის მცველებს ულტიმატუმს უყენებს და მოუწოდებს 13:00 საათამდე ჩაბარდნენ. როგორც CNN წერს რუსეთმა მოითხოვა უკრაინულმა ძალებმა, რომლებიც კვლავ იბრძვიან ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის დასაცავად, იარაღი დაყარონ.

"აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული ვითარების გათვალისწინებით, ისევე როგორც წმინდა ჰუმანური პრინციპებით ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონების ბოევიკებს და უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს 17 აპრილის 06:00 საათიდან (მოსკოვის დროით) სთავაზობს შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაყარეს იარაღი", — ციტირებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Reuters.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ, 16 აპრილს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა გაასუფთავეს მარიუპოლის ურბანული ტერიტორია და უკრაინული მებრძოლების მხოლოდ მცირე კონტინგენტი დარჩა მარიუპოლში. გამოცემა ასევე წერს, რომ ამ დრომდე უკრაინას არ გაუკეთებია განცხადება რუსეთის ულტიმატუმზე.

გუშინ, 16 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ რუსეთი მარიუპოლის მცველებს გაანადგურებს, ეს მოლაპარაკებების გაგრძელებას შეუძლებელს გახდის.

დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება მარიუპოლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც, როგორც ცნობილია, ძირითადად რუსეთის კონტროლის ქვეშ არიან. მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის. 36-ე ბრიგადა აზოვის ბატალიონს 13 აპრილს შეუერთდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში