უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განაცხადებით, მარიუპოლში არსებული სიტუაცია შესაძლოა, წითელი ხაზი გახდეს რუსეთთან მოლაპარაკებებში. ამის შესახებ კულებამ CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ბუჩას შემდეგ განსაკუთრებით რთული გახდა რუსებთან საუბრის გაგრძელება. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მარიუპოლი შეიძლება იყოს წითელი ხაზი", — ამბობს კულება.

მისივე თქმით, ქალაქში ვითარება შემზარავი და გულსატკენია. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, რუსეთს სურს, ნებისმიერ ფასად გაასწოროს ქალაქი მიწასთან.

"მარიუპოლში ვითარება სამხედრო თვალსაზრისით შემზარავი და გულსატკენია. ქალაქი აღარ არსებობს. უკრაინის არმიის დარჩენილი ნაწილი და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ჯგუფი ძირითადად რუსული ძალების მიერაა გარშემორტყმული. ისინი აგრძელებენ ბრძოლას, თუმცა, როგორც რუსული არმიის ქცევით ჩანს, მათ ნებისმიერ ფასად ქალაქის მიწასთან გასწორება გადაწყვიტეს", — ამბობს ის.

უკრაინის პრემიერმინისტრმა დღეს ისაუბრა, რომ მარიუპოლი ჯერ კიდევ არ დაცემულა და ქალაში კვლავ რჩებიან უკრაინის სამხედრო ძალები.

გუშინ, 16 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ რუსეთი მარიუპოლის მცველებს გაანადგურებს, ეს მოლაპარაკებების გაგრძელებას შეუძლებელს გახდის.

დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება მარიუპოლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც, როგორც ცნობილია, ძირითადად რუსეთის კონტროლის ქვეშ არიან. მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის. 36-ე ბრიგადა აზოვის ბატალიონს 13 აპრილს შეუერთდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში