ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თმით, სავარაუდოდ, ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბარი "საზოგადოებისთვის ძალიან უინტერესოა". მისი შეფასებით, საზოგადოებას ბევრად უფრო მეტი საყურადღებო საკითხი აწუხებს.

"ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან უინტერესო, იმიტომ, რომ გაცილებით მეტი საყურადღებო საკითხები აწუხებს და აინტერესებს საზოგადოებას. [...]

მთავარ არხს, ფორმულას და ტვ პირველს რაც აინტერესებს დასხდნენ და იკვლიონ. თუ რაიმე წინააღმდეგობრივია აქ, არსებობს შესაბამისი უწყებები, თუ არა და სხვა შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს და ოპოზიციასაც მოვუწოდებ, რომ დაკავდეს იმით, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება ოღონდ ობიექტურად და სწორად", — ამბობს მაჭარაშვილი.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში საუბარია ისეთ თემებზე, რომლებიც, შესაძლოა, მიუთითებდეს სანქციების გვერდის ავლას საქართველოს მეშვეობით.

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ევტუშენკოვი მილიარდერი ოლიგაქრია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მიიჩნევენ, მას დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სანქციები დაუწესა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.

გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამა ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება განიხილონ. მისი თქმით, "ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან".

ლელო კი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, დაუყონებლივ გაასაჯაროვოს ინფორმაცია იმის შესახებს, შეხვდა თუ არა თბილისში კრემლთან დაახლოებულ პირს და შეხვედრის შემთხვევაში გაასაჯაროვოს საუბრის შინაარსიც.