კინოაკადემიამ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის მოთვინიერების სეანსები გააუქმა. ინფორმაციას თავად რეჟისორი ავრცელებს. მისი თქმით, კინოს სახლში ბოლო ჩვენება დღეს, 28 აპრილს გაიმართება. მისივე განცხადებით, კინოაკადემიის დირექტორმა სეანსების გაუქმების მიზეზად განმარტა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".

"მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და ასევე არ გინახავთ — კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა", — წერს ის.

ჯაშის თქმით, ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ". მისი თქმით, ეძებს დარბაზს ფილმის ჩვენებების გასაგრძელებლად და მაყურებლისთვის იმ გამოცდილების გასაზიარებლად, რომელიც ფილმის მთელმა გუნდმა ერთად შევეცადეთ შეგვექმნა.

On.ge დამატებითი დეტალების გასარკვევად კინოაკადემიასთან დაკავშირებას ცდილობს. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი მოთვინიერება კიევის ყოველწლიური კინოფესტივალის International Human Rights Documentary Film Festival Docudays UA საერთაშორისო სექციის DOCU/WORLD გამარჯვებული გახდა.