კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე ემიჯნება საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებას, სალომე ჯაშის ფილმის ჩვენებების გაუქმების შესახებ. მისი თქმით, თუ სეანსების გაუქმება სამდივნოს გადაწყვეტილებაა უარს აცხადებს კინოაკადემიის წევრობაზე. ამის შესახებ მან Facebook პოსტში ისაუბრა.

"ძალიან უცნაური ამბავი გავრცელდა — კინოაკადემიამ მოხსნა სალომე ჯაშის ფილმი მოთვინიერება თავისი კინოდარბაზის ეკრანიდან. ის რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად ეჭვქვეშ დადგა. მითუმეტეს, რომ კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას და ამის სადარაჯოზე უნდა იდგეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის, ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ — ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკადემიის წევრობაზე", — წერს ის.

რეჟისორმა, სალომე ჯაშმა გუშინ, 28 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ კინოაკადემიამ მისი დოკუმენტური ფილმის, მოთვინიერების სეანსები გააუქმა. ჯაშის განცხადებით, კინოაკადემიის დირექტორმა სეანსების გაუქმების მიზეზად განმარტა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".

კინოაკადემიის ხელმძღვანელმა, მინდია ესაძემ რადიო თავისუფლებასთან თქვა, რომ კინოჩვენებების გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსია.

საქართველოს კინოაკადემიის ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, მოთვინიერების ჩვენება ალტერნატიულ სივრცეებში გაგრძელდება.

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ასევე, სურათი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში ფორუმი 17 ფილმს შორის მოხვდა. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ფილმი მოთვინიერება კიევის ყოველწლიური კინოფესტივალის International Human Rights Documentary Film Festival Docudays UA საერთაშორისო სექციის DOCU/WORLD გამარჯვებული გახდა.