უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზოვსტალიდან 100-მდე ადამიანის ევაკუაცია ხორციელდება. მისი თქმით, გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზეც.

"აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 100-მდე ადამიანისგან შემდგარი პირველი ჯგუფი უკვე კონტროლირებად ტერიტორიაზე მიემართება. ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე", — წერს ის.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და გაეროს სპიკერმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს. Reuters წერს, რომ დღეს აზოვსტალის ქარხნიდან 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული.

გუშინ, 30 აპრილს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარიმ განაცხადა, რომ აზოვსტალიდან 20 მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს წინასწარ შეთანხმებულ შეხვედრის ადგილამდე.

მარიუპოლი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ალყაშია. რუსული დაბომბვების გამო განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დიდი ხნის განმავლობაში, საოკუპაციო ძალები აბრკოლებდნენ მწვანე დერეფნების მუშაობას და ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას.