რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანაში დარჩენილი უკრაინული ძალები "საიმედოდ არიან ბლოკირებულები". მის კომენტარს რუსული პროპაგანდისტული მედია, RIA ავრცელებს.

"უზენაესის მთავარსარდლის მითითების შესაბამისად, აზოვსტალის ქარხნის ინდუსტრიულ ზონაში განლაგებული მებრძოლები, ამ ტერიტორიის მთლიან პერიმეტრთან ერთად, საიმედოდ არიან ბლოკირებულები. ნაციონალისტებისთვის შეთავაზებული წინადადებები მოქალაქეების გათავისუფლების, იარაღის დაყრის შესახებ სიცოცხლეების გადარჩენისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ღირსეული მოპყრობის გარანტიით, იგნორირებულია. ჩვენ ამ მცდელობებს ვაგრძელებთ", — განაცხადა მან.

პირველ მაისს აზოვსტარლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ტერიტორიიდან გაიყვანეს 100-მდე ადამიანი. თუმცა ქარხანაში კვლავ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ასევე სამხედროები, რომლებიც დანაბებას და იარაღის დაყრას არ აპირებენ.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე რჩება ბლოკირებული აზოვსტალში მარიუპოლის მცველებთან ერთად.

20 აპრილს მარიუპოლის მცველებმა მსოფლიოს მოუწოდეს, აზოვსტალიდან გაიყვანონ მესამე ქვეყანაში ყველა, ვინც სამხედრო გარნიზონშია.

21 აპრილს, მას შემდეგ, რაც სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს უთხრა, თითქოს მარიუპოლი აიღეს და მხოლოდ აზოვსტალის ინდუსტრიული ზონის შტურმიღა რჩებოდათ, პუტინმა ეს გეგმა დაიწუნა. მან ბლოკადის გაგრძელება მოითხოვა და ამტკიცებდა, ვითომ ეს რუსი ჯარისკაცების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამო გადაწყვიტა.