მას შემდეგ, რაც სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს უთხრა, თითქოს მარიუპოლი აიღეს და მხოლოდ აზოვსტალის ინდუსტრიული ზონის შტურმიღა დარჩათ, რისთვისაც 3-4 დღე სჭირდებათ, პუტინმა ეს გეგმა დაიწუნა. მან ბლოკადის გაგრძელება მოითხოვა და ამტკიცებდა, ვითომ ეს რუსი ჯარისკაცების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამო გადაწყვიტა.

"ინდუსტრიული ზონის შემოთავაზებულ შტურმს მიზანშეწონილად არ მივიჩნევ და გიბრძანებთ, გააუქმეთ. ეს ის სიტუაციაა, როცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, უფრო სწორად, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მითუმეტეს, ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.

არ არის საჭირო ამ კატაკომბებში შესვლა და სამრეწველო ობიექტების მიწისქვეშეთში ძრომა. დაბლოკეთ ეს ინდუსტრიული ტერიტორია, რომ ბუზიც არ გაფრინდეს", — თქვა პუტინმა, რასაც შოიგუმ მხოლოდ "გასაგებია" და "არის" უპასუხა.

პუტინმა მას მოუწოდა, კიდევ ერთხელ შესთავაზოს ყველას, ვისაც ჯერ არ დაუყრია იარაღია, ეს გააკეთოს და დაამატა, თითქოს რუსული მხარე მათ სიცოცხლესა და ღირსეულ მოპყრობას ჰპირდება საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ბრალდებულ რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც "თავი გამოიჩინეს" სპეციალურ ჯილდოს მიანიჭებს.

"მარიუპოლის გათავისუფლებისთვის სამხედრო ოპერაციის შესრულება წარმატებაა. გილოცავთ. მადლიერების სიტყვები გადაეცით ჯარებს და მომაწოდეთ წინადადებები გამორჩეული ჯარისკაცების დაჯილდოების შესახებ. [...] მინდა რომ იცოდნენ, ჩვენს წარმოდგენაში ისინი გმირები არიან, მთელი რუსეთის წარმოდგენაში", — განაცხადა მან.

პუტინის ბრძანებას გამოეხმაურა მარიუპოლის მერის მრჩეველი და განაცხადა, რომ ეს ბლოკადაში მყოფი ხალხისთვის არაფერს ცვლის.

"ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პუტინის სიტყვებში (თუ შეიძლება მას დავუჯეროთ) თავდასხმის გაუქმებაზე საუბარი არ არის, არამედ სრულ ალყაზე. ფაქტობრივად, არაფერი შეიცვლება ჩვენი დამცველებისა და აზოვსტალში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. აქ მხოლოდ პუტინის სურვილია, განადგურებული ქალაქის ფონზე როგორმე გამარჯვება გამოაჩინოს, რომელიც არ არსებობს. რუსებისთვის ახალი არაფერია — თუ რამე არ არის, უნდა გამოიგონონ", — წერს ის.

მარიუპოლი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ალყაშია. რუსული დაბომბვების გამო განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. საოკუპაციო ძალები აბრკოლებენ მწვანე დერეფნების მუშაობას და ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას, კლავენ, აუპატიურებენ და იტაცებენ მოქალაქეებს.

19 აპრილს დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკამ თქვა, რომ რუსებთან ერთად დაიწყეს შეტევა აზოვსტალზე, სადაც ქალაქის მცველები და მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "წმინდა ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით" კიდევ ერთხელ, აპრილში უკვე მესამედ სთავაზობდნენ მარიუპოლში მყოფ მებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტას და ქალაქის ჩაბარებას. მათ მესამედაც უარი მიიღეს.

20 აპრილს აზოვმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ევაკუაციაში დაეხმარონ. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან, ჩავიდნენ მარიუპოლში, რათა რუსულ მხარესთან სამხედროების ევაკუაციის საკითხი განიხილონ. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მზად არის სამხედრო ტყვეები მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვის გაცვალოს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში