რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ვლადიმერ პუტინს უმტკიცებს, თითქოს მარიუპოლი აიღეს და ქალაქს სრულად რუსეთის ჯარი აკონტროლებს. მისივე თქმით, მხოლოდ აზოვსტალის ტერიტორიაზე დარჩნენ უკრაინული ძალები, რომლის მისადგომებიც "საიმედოდ არის დაბლოკილი". მანვე აღნიშნა, რომ "ამ საქმის დასასარულებლად" 3-4 დღე სჭირდებათ.

მისი მტკიცებით, განადგურებულ ქალაქში ვითარება მშვიდია და ეს ოკუპანტებს საშუალებას აძლევს "დაიწყონ წესრიგის აღდგენა, მოსახლეობის დაბრუნება და მშვიდობიანი ცხოვრების დამყარება".

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციამ მარიუპოლი გაათავისუფლეს. ნაციონალისტური წარმონაქმნების ნარჩენებმა აზოვსტალის ქარხნის ინდუსტრიულ ზონას შეაფარეს თავი", — განაცხადა მან.

შოიგუ ასევე ამბობს, რომ ქალაქზე თავდასხმისას მოკლეს 4 000 უკრაინელი მებრძოლი, 1 400 ტყვედ "ჩაბარდა", 2 000-მდე მებრძოლი კი აზოვსტალის ქარხანაშია გამაგრებული. ის არ საუბრობს მათ მიერ მოკლულ მშვიდობიან მოქალაქეებზე.

პუტინმა შოიგუს შტურმის გეგმა დაუწუნა და ბლოკადის გაგრძელება მოითხოვა. ის ამტკიცებდა, ვითომ ეს რუსი ჯარისკაცების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამო გადაწყვიტა.

მარიუპოლი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ალყაშია. რუსული დაბომბვების გამო განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. საოკუპაციო ძალები აბრკოლებენ მწვანე დერეფნების მუშაობას და ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას, კლავენ, აუპატიურებენ და იტაცებენ მოქალაქეებს.

19 აპრილს დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკამ თქვა, რომ რუსებთან ერთად დაიწყეს შეტევა აზოვსტალზე, სადაც ქალაქის მცველები და მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "წმინდა ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით" კიდევ ერთხელ, აპრილში უკვე მესამედ სთავაზობდნენ მარიუპოლში მყოფ მებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტას და ქალაქის ჩაბარებას. მათ მესამედაც უარი მიიღეს.

20 აპრილს აზოვმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ევაკუაციაში დაეხმარონ. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან, ჩავიდნენ მარიუპოლში, რათა რუსულ მხარესთან სამხედროების ევაკუაციის საკითხი განიხილონ. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მზად არის სამხედრო ტყვეები მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვის გაცვალოს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში