ინგლისელი მსახიობი და ჰარი პოტერის ფილმების ვარსკვლავი, ტომ ფელტონი, მალე თავის ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემს. წიგნში, რომელსაც ჯადოსნურ ჯოხს მიღმა ჰქვია, კინოვარსკვლავი ადრეულ ასაკში მოტანილ პოპულარობას იხსენებს და მსახიობობის თავისეულ გამოცდილებაზე ჰყვება.

"ტომ ფელტონის ადრეული წლები ჩვეულებრიობისგან შორს იყო", — ვკითხულობთ გამომცემლობის ანოტაციაში, — "ჰარი პოტერის ფილმებში დრაკო მალფოის ლეგენდარული როლის შესრულებით მოპოვებულმა პოპულარობამ იგი 12 წლის ასაკში მოაქცია სცენის განათებულ ადგილას.

"გულახდილობითა და მისთვის ჩვეული იუმორით, ტომი [წიგნში] გვიზიარებს ეკრანზე გაზრდისა და ჯადოსნურ სამყაროში სულ პირველად მოხვედრის თავისეულ გამოცდილებას. იგი მოგვითხრობს დიდ შესვენებაზე, გადაღების პროცესზე და ფრენჩაიზში ათწლიანი ყოფნით დაწყებულ მეგობრობებზე, რომლებიც დიდხანს გრძელდება. ფელტონი ასევე შეეხება იმ სირთულეებსა და წარმატებებს, რომლებსაც პოპულარობის დამსახურებით, ზრდასრულობაში, ფილმების გადაღებების დასრულების შემდეგ წააწყდა. მოემზადეთ ნამდვილ ჯადოქართან შესახვედრად".

ჯადოსნურ ჯოხს მიღმა წიგნის მაღაზიებში შემოდგომაზე გამოჩნდება. ზოგიერთი ქსელის ინფორმაციით, წიგნს 13 ოქტომბერს მიიღებენ, დანარჩენები კი მას 18 ოქტომბერს ელოდებიან.

ფოტო: Warner Bros. Pictures

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფელტონის წიგნთან ერთად ოქტომბერში გამოიცემა პოტერიადის კიდევ ერთი ვარსკვლავის, ლეგენდარული ალან რიკმანის დღიურები. ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა ცნობილი, რომ ფილმებში სევერუს სნეიპის შემსრულებელი მსახიობის 27 ხელნაწერი დღიური წიგნად დაიბეჭდებოდა. დღიურებს რიკმანი 25 წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე წერდა, ამდენად მათში მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებიცაა აღწერილი. წიგნი — სახელწოდებით მგზნებარედ, ოსტატურად: ალან რიკმანის დღიურები — 2022 წლის 18 ოქტომბერს გამოიცემა.