"არ ვიცი ვინ დაესხა თავს ბერძენიშვილსა და სამნიძეს, მაგრამ მათ ჰქვიათ კოლექტიური ირაკლი კობახიძეები", — თქვა ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე. ქართული ოცნების თავმჯდომარემ ისაუბრა, თითქოს ხორციელდება "შეტევა ეროვნულ იდენტობაზე". მისი აზრით, ძმებ ბერძენიშვილებს აქვთ "ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ".

"დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს ვინც დაესხა, არ ვიცი ამ ხალხის სახელი და გვარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მათ ჰქვიათ კოლექტიური ირაკლი კობახიძეები. მე არ ვიცი, ვის ჰქონდა ევროკავშირის დროშის დაწვის მცდელობა და ვინ დაესხა თავს ევროკავშირის მისიას, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მათ ჰქვიათ კოლექტიური ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი, ქართული ოცნება. თქვენ ხართ მოძალადე, მატყუარა პოლიტიკური ძალა", — თქვა სამადაშვილმა.

გუშინ, 6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თქვა — "შენ და შენი ძმა, ჩვენს წმინდას როგორ აგინებთ".

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე კობახიძემ თქვა, რომ ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელმაც რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო.

პარლამენტში გაკეთებულ კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა ხათუნა სამნიძე. მან Facebook-ზე დაწერა, რომ კობახიძის ეს განცხადებები უარეს აგრესიას გააღვივებს, უარეს ძალადობას გამოიწვევს.