დღეს ევროკომისიამ საქართველოსთვის არა სტატუსის, არამედ ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელიც ქვეყანამ კანდიდატობის მიღებამდე უნდა შეასრულოს, მათ შორის, ერთ-ერთია "დეოლიგარქიზაციის" განხორციელება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პირობებში ის მიზეზებია, რის გამოც საქართველომ მოლოდვასა და უკრაინისგან განსხვავებით, ევროკომისიის რეკომენდაცია ვერ მიიღო.

  • სამომავლოდ მათი შესრულება გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

რას გვთხოვს ევროკომისია: სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა საქართველოს ყოვლისმომცველი პრიორიტეტები დაუსახელა. ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.

  • "გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იქნა ევროკავშირის შუამდგომლობით. ეს, ასევე, უკავშირდება სასამართლო რეფორმას, რადგან შეთანხმება მასაც მოიცავდა";
  • "გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლაში, სადაც ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა იქნება დაზღვეული";
  • "გვჭირდება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება";
  • "და ბოლოს, გვჭირდება თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის".

დასკვნაში წერია, რომ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების ჭარბი გავლენების აღმოფხვრით საქართველომ "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულება უნდა განახორციელოს.

  • ევროკომისია მოითხოვს, რომ გაძლიერდეს გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ;
  • უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე;
  • მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რათა სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
  • ახალი სახალხო დამცველის წარდგენისას უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს, ხოლო პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

გარდა ამისა, ევროკომისიის შეფასებაში განხილულია, რომ 2021 წლის ივლისის მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოში LGBTQ+ თემის დასაცავად მეტი უნდა გაკეთდეს. კომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლომდე დააკვირდება.

საქართველოსგან განსხვავებით, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა პირობებით.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მომავალი კვირის ბოლოს მიიღებენ.