ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა პირობებით. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღოს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე გარკვეული პირობები შეასრულოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, ევროკომისიის მსგავსი რეკომენდაცია აძლიერებს განცდას, რომ საქართველომ შესაძლოა, ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი;

  • ამის პარალელურად, სტატუსის შესახებ საქართველოს გამიჯნულად ახსენებენ ევროპელი ლიდერებიც. ემანუელ მაკრონის თქმით, ჩვენი ქვეყანა "გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა".

ურუსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებასა და პოტენციალს, რასაც მოლდოვა-უკრაინა და მის აპლიკაციას აქვს ძალა.

  • თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, შეიმუშავოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისთვის.
  • "ამიტომ ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ მიეცეს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ დავბრუნდეთ, რათა შევაფასოთ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე რამდენად აკმაყოფილებს მთელ რიგ პირობებს".

რა თქვა უკრაინაზე: ლაიენის განცხადებით, აქვთ "ნათელი შეტყობინება" უკრაინისთვის, რომ იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას.

  • "დიახ, უკრაინას უნდა მივესალმოთ, როგორც კანდიდატ ქვეყანას. იმის გათვალისწინებით, რომ დიდი შრომა გაიწია, თუმცა ასევე, ბევრი საქმე რჩება გასაკეთებელი".

რა ხდებოდა მანამდე: ევროკავშირმა მალე სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელოს, თუმცა რამდენიმე დღეა, საქართველოს მიმართ კითხვის ნიშნები დაისვა.

  • 9 ივნისს იყო ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია, სადაც მედიაგარემოსა და მთავრობის დამოკიდებულებაზე ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს;
  • იმავე დღეს ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროკავშირს ორი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებისკენ, ხოლო საქართველოზე მუშაობისკენ მოუწოდებენ.
  • ამას საერთაშორისო მედიებში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციები მოყვა, სადაც საქართველოს შესახებ განსხვავებული მოსაზრებები იკვეთება.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მომავალი კვირის ბოლოს მიიღებენ.