ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს და აცხადებს, რომ მისთვის პატივია ასეთ გუნდში ყოფნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს ირაკლი კობახიძე მთავარი არხის ჟურნალისტს თავს დაესხა — მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენელს დისკრიმინაციული მოტივით პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დამცირება ზიზღის ენით სცადა.

  • ის ჟურნალისტს ეუბნება, რომ "პირი მოიწმინდოს", რადგან ყველაფრით დაემსგავსა მის "ბელადს", რომელშიც მიხეილ სააკაშვილს გულისხმობს;
  • კობახიძე აქ არ გაჩერებულა და ჟურნალისტს, რომელიც მას დავით არახამიას შესახებ კითხვას უსვამდა, უთხრა, რომ "პოლიტიკის გამო სახე დაკარგა".

დეტალები: დეპუტატი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კობახიძეს მას შემდეგ, რაც მან სცადა ჟურნალისტის დამცირება, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მსგავსი აგრესიული საქციელის ფონზე ის კობახიძეს აქებს, პატრიოტს და გამორჩეულ ლიდერს უწოდებს და ამაყობს კიდეც მისი ხელმძღვანელობით.

  • მიქანაძე კობახიძის გამართლების მცდელობაც აქვს და ისეთ ნარატივს ატარებს, რომ ჟურნალისტი დამნაშავედ გამოიყვანოს, თითქოს არსებობს კითხვები, რომელიც მედიამ არ უნდა დასვას, რომ მმართველ გუნდში არ გაღიზიანდნენ;
  • ქართული ოცნების წევრი იხსენებს თმენის ვალდებულებასაც, რომელიც აშკარად ხშირად ავიწყდებათ პარტიაში და ამბობს, თითქოს ეს ის შემთხვევაა, როცა "ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას".
  • "სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით" — აცხადებს მიქანაძე.

კობახიძეს მხარს უჭერს მამუკა მდინარაძეც. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე რომ პოლიტიკოსი არ ყოფილიყო, ჟურნალისტები "გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდნენ".

  • "თქვენ მიაყენეთ პირადი შეურაცხყოფა და მან მოგითმინათ, მე თუ მკითხავთ".

კობახიძის ნათქვამი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ამას "უკადრისი საქციელი" უწოდა.

  • "ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას";
  • "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად — ზრდილობა!" ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს".