უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი, რომ ოკუპანტს სხვისი მიწების მიტაცების სურვილი წაართვა, არის აუკრძალო მის მოქალაქეებს დასავლეთის ქვეყნებში ჩასვლა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Washington Post-თან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ახლა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებს გასცემს, მაგრამ ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა.

  • ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის.
  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთმა კრემლს სანქციები დაუწესა, რუსეთმა კი კანონები გაამკაცრა. 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის ბევრმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა.

ზელენსკი ამბობს, რომ ნებისმიერი რუსეთის მოქალაქე უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად მათ აირჩიეს.

  • აღნიშნავს იმასაც, რომ ყველაზე ეფექტური რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვა იქნება, თუნდაც 1 წლით მაინც, "რადგან რუსები სხვებს მიწებს ართმევენ".
  • "ისინი იტყვიან: "ამ ომს ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. მთელი მოსახლეობა არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, არა?" შეიძლება! მოსახლეობამ აირჩია ეს ხელისუფლება და არ ებრძვიან, არ ეკამათებიან.

უკვე რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ლატვიამ.

  • ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ 31 ივლისს ამბობდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზა უნდა აიკრძალოს.

ლატვიის გარდა, ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინი ამბობს, რომ არასწორია, როცა რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად შესვლა შეუძლიათ.

  • "არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი აწარმოებს სასტიკ და აგრესიულ ომს ევროპაში, რუსებს შეუძლიათ იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, იმოგზაურონ ევროპაში, იყვნენ ტურისტები".

The Washington Post წერს, რომ ზოგიერთი კრიტიკულად უყურებს ამ პროცესს, მათი თქმით, ეს უსამართლო გავლენას მოახდენს მათზე, ვინც დატოვა რუსეთი, რადგან ისინი არ ეთანხმებიან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავრობას და მის გადაწყვეტილებას თავს დასხმოდა უკრაინას.

  • ზელენსკიმ კი გამოცემასთან თქვა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს — "აიძულეთ ისინი, წავიდნენ".

რა ხდება საქართველოში: ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ითხოვს, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესდეს.

  • პასუხად მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ეს შოვინიზმი და ქსენოფობიაა.