სტატია შეიცავს სიუჟეტისა და დასასრულის დეტალებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრიდან პატარა ქალთევზა

დისნეის ახალმა ფილმმა, პატარა ქალთევზა, რომელსაც 2023 წელს ვიხილავთ, კრიტიკის ტალღა გამოიწვია. მაყურებელთა ნაწილი ფილმში მთავარი როლის შავკანიანი მსახიობის მიერ შესრულებას აპროტესტებს და ამტკიცებს, რომ ეს ორიგინალურ ნაწარმოებს აცდენილია.

რეაქციის მიზეზი დიდწილად არის დისნეის 1989 წელს გამოსული ამავე სახელწოდების მქონე ანიმაცია, რომელიც დანიელი მწერლის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის, ზღაპარს ეფუძნება. ანიმაციაში მთავარი პერსონაჟი, არიელი, წითური და თეთრკანიანი ქალთევზაა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზღაპრების ახალ და განსხვავებულ ვერსიებს სხვადასხვა დროში ყოველთვის ჰყვებოდნენ.

აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ 1989 წლის ანიმაციის შინაარსი ასევე განსხვავდებოდა ანდერსენის ზღაპრის სიუჟეტისგან — განსაკუთრებით, მისი დასასრულია რადიკალურად შეცვლილი.

ანდერსენი, გავრცელებული ცნობით, ბისექსუალი იყო და მისი სურვილების გამოუთქმელობის გამო — საზოგადოებისგან განმდგარიც. პატარა ქალთევზა კი სულაც არაა დისნეის ანიმაციის მსგავსად ბედნიერი დასასრულის მქონე ამბავი — ზღაპარი უპასუხო სიყვარულით დადაგვაზე გვიყვება, რაც ავტორისთვის მეტისმეტად ნაცნობი თემა იყო; მისი საყვარელი კაცი ხომ სხვაზე დაქორწინდა.

კონკიას პირვანდელი ვერსია ჩინეთში შეიქმნა

ფოტო: Disney

ზღაპრებში კულტურული და რასობრივი საზღვრების მოშლა არახალი პრაქტიკაა. მით უმეტეს, რომ ნაწარმოების ეს ფორმა ფოლკლორისთვისაა დამახასიათებელი, სხვადასხვა კულტურაში კი ერთი და იმავე ამბის განსხვავებული ვერსიები არსებობს. წინათ თუ ახალ ვერსიას ზეპირად ჰყვებოდნენ, დღეს ამ ამბავმა კინო, ტელე და თამაშების ინდუსტრიაში გადაინაცვლა.

ამასთან, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ზღაპრებმა დროს გაუძლეს, სწორედ ისაა, რომ კულტურული თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით გამუდმებით იცვლება მათი წინანდელი სახე.

აი, მაგალითად, კონკია — ზღაპრის თავდაპირველი ვარიანტი ჩინეთშია ჩაწერილი და ის, დაახლოებით, 850 წლით თარიღდება. შარლ პეროს კონკია კი, რომელიც სხვადასხვა კინოადაპტაციის შთაგონების წყაროდ იქცა, 1697 წელს გამოქვეყნდა. ზღაპრის ჩინურ ვერსიაში მთავარ გმირს, იე-შენს, ფერია ნათლია სულ არ ჰყავს და მისი სიუჟეტიც განსხვავებულია. თუკი ზღაპრები მარტო ერთი კულტურის "საკუთრებაა", მაშინ, ლოგიკურია, რომ კონკია მხოლოდ ჩინელ პერსონაჟად უნდა დარჩენილიყო ანიმაციებსა და ეკრანიზაციებში.

ანდერსენის პატარა ქალთევზა

დისნეიმ ზღაპრების ადაპტაციას 1937 წლიდან მიჰყო ხელი, როცა ფიფქია გამოვიდა. დროთა განმავლობაში ამ ანიმაციებმა ზღაპრების აღქმის კულტურული ჩარჩო შექმნეს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომ დაგვვიწყებია ბევრი ზღაპრის წარმოშობის ისტორია და კულტურული რეალიები, რომლებშიც ის შეიქმნა. ამასთან, ანიმაციებში, რომლებიც, როგორც წესი, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გახლდათ გათვლილი, ბევრი დეტალია შეცვლილი, რადგან ორიგინალური ზღაპრები ხშირად მეტისმეტად საზარელია.

პატარა ქალთევზას შემთხვევაში, ანდერსენის მოყოლილი ამბავი დისნეის ადაპტაციისგან დიდად განსხვავდება. დანიელი ავტორის ტრაგიკული ზღაპარი ტანჯვასა და მსხვერპლის გაღებაზეა. სწორედ ამის გამო, ნაწარმოები ბევრჯერ გააკრიტიკეს კიდეც, მათ შორის, ისეთმა ცნობილმა მწერლებმა, როგორიც მერი პოპინსის ავტორი პამელა ტრევერსია.

ქალთევზა პრინცს ორჯერ იხსნის. პირველ შემთხვევაში იგი საკუთარ სიცოცხლესაც კი რისკავს მის გადასარჩენად. თუმცა, ანდერსენის ზღაპარი სასიყვარულო ამბავი არ გახლავთ, რადგან პრინცს ქალთევზის მიმართ რომანტიკული გრძნობები არ გასჩენია. იგი პერსონაჟის მისადმი სიყვარულით მოხიბლულია, თუმცა, მას ცხოველივით ან ბავშვივით ექცევა.

საბოლოოდ, ამბავს ლოგიკური დასასრული აქვს — პრინცი სხვა ქალზე ქორწინდება, ქალთევზა კი თავის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და სიკვდილზე ფიქრს იწყებს.

ზღვის ჯადოქარი ქალთევზას დაჰპირდა, რომ თუკი პრინცი მას შეიყვარებდა, იგი უკვდავებას მოიპოვებდა. თუმცა, თუკი ასე არ მოხდებოდა, ქალთევზა გულგატეხილი მოკვდებოდა იმ დღეს, როცა კაცი სხვაზე დაქორწინდებოდა. ამის მიუხედავად, გმირს სხვა არჩევანიც უჩნდება — მოკლას პრინცი და თავის ოჯახს ქალთევზას ფორმით დაუბრუნდეს. იგი ამაზე უარს ამბობს და ამჯობინებს, თავად მოკვდეს.

ანდერსენი, როგორც განდგომილი ადამიანი

ფოტო: Wikimedia Commons

ანდერსენის წარუმატებლობამ პირად ცხოვრებაში მის შემოქმედებაში ჰპოვა გამოძახილი, განსაკუთრებით კი, მისი ტრაგიკული პერსონაჟების ხვედრში. პატარა ქალთევზას ამბავიც უმთავრესად იმას ასახავს, თუ როგორ გაუცხოვდა ავტორი საზოგადოებაში.

დანიელი მწერალი არასდროს დაქორწინებულა, თუმცა, რომანტიკული გრძნობები ჰქონდა როგორც ქალების, ასევე კაცების მიმართ. ამის მიუხედავად, ანდერსენს რიგი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო საკუთარი გრძნობების გამოხატვა უჭირდა.

მწერლის ერთ-ერთი სასიყვარულო ინტერესი ედვარდ კოლინი იყო, რომელსაც საპასუხო გრძნობები ანდერსენის მიმართ არ გააჩნდა. ბიოგრაფის აზრით, პატარა ქალთევზას ისტორიის შთაგონების წყაროდ სწორედ კოლინთან ურთიერთობა გახდა — ეს უკანასკნელი 1836 წელს ქალზე დაქორწინდა, ანდერსენი კი სხვა კუნძულზე გადასახლდა, რათა ცერემონია თავიდან აეცილებინა. ამ კუნძულზე განაგრძო მან უიმედოდ შეყვარებულ ქალთევზაზე ზღაპრის წერა.

ბიოგრაფის ვარაუდით, ანდერსენი საკუთარ თავს, როგორც ბისექსუალს, ქალთევზასთან, განსხვავებული არსების, გამოცდილებასთან აიგივებდა.

სხვათა შორის, მწერალი ამბობდა, რომ მან გამიზნულად არ მიმართა ქალთევზებზე დაწერილ სხვა ნაწარმოებებში გამოყენებულ ხერხებს. მაგალითად, ფრიდრიხ დე ლა მოტ-ფუკეს Undine-ში სულის მოპოვების წინაპირობა ადამიანის სიყვარულია.

"მიმაჩნია, რომ ეს არასწორია! [...] ასეთ რამეს მე არ დავუშვებდი. ჩემს ქალთევზას საშუალება მივეცი, უფრო ბუნებრივ, უფრო ღვთაებრივ გზას მიჰყოლოდა", — წერდა ანდერსენი.

სიტყვა "ღვთაებრივი" ნიშანდობლივია; დანიელი მწერლის ზღაპრები ხშირად მოიცავს ქრისტიანული რელიგიური ეთიკის თემებს. მაგალითად, ღვთიური გამოხსნის გზად ანდერსენი ტკივილის, ტანჯვისა და დამცირების მიღებას გვისახავს, მისი პერსონაჟები კი სიკვდილსაც სიხარულით ხვდებიან.

საინტერესოა ისიც, რომ ანდერსენის პროტაგონისტების უმეტესობა ქალია. მე-19 საუკუნის ზღაპრებისთვის ეს უცხო ამბავი არ იყო, რადგან მაშინდელ ტექსტებში მორალურ ჩარჩოს გოგოების ქცევის განსასჯელად ხშირად იყენებდნენ. ამის გათვალისწინებით, პატარა ქალთევზას ტრაგიკული ხვედრი შეიძლება აიხსნას, როგორც ერთგვარი სასჯელი პრინცისადმი მისი სექსუალური ლტოლვის გამო. ამასთან, ზღაპრის მორალით, ეს სასჯელი მან თავისი სამკვიდროს დატოვების გამოც "დაიმსახურა".

საბოლოოდ, ანდერსენის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი ზღვის ქაფად იქცევა, თუმცა, 300-წლიანი კარგი მოქცევის შემდეგ სულის დაბრუნების შანსი ეძლევა. ეს ზღაპრის კიდევ ერთი მორალური გაკვეთილია — პატარა მკითხველებს ეუბნება, რომ მათი კარგი საქციელი პატარა ქალთევზას სულის დაბრუნებასთან აახლოებს, ცუდი საქციელი კი — პირიქით, აშორებს.

ზღაპრების ადაპტაცია და მრავალფეროვნების ჩვენება

პატარა ქალთევზას ქანდაკება — დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სიმბოლო

ფოტო: Shutterstock

როგორც ვნახეთ, დისნეის ანიმაცია მისი პირველწყაროსგან მართლაც ძალიან განსხვავდება. სხვაობების მიზეზი ანიმაციის თანამედროვე სამიზნე აუდიტორიისთვის მორგებაც იყო — ახალგაზრდა გმირების ასეთი ტრაგიკული ხვედრი ახლანდელ ისტორიებში ნაკლებად გვხვდება.

თუმცა, რელიგიური თემებითა და ტრაგიზმით გაჯერებული ამბის დისნეის მიერ ერთმნიშვნელოვნად რომანტიკულ ანიმაციად გარდაქმნა იმასაც გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ზღაპრებს სხვაგვარად მოვყვეთ ახალი კონტექსტის გათვალისწინებით. ამ ამბის ახალი ეკრანიზაცია, რომელიც ფერადკანიან ბავშვებს მთავარ გმირთან თავის გაიგივების საშუალებას აძლევს, სწორედ ახალი კონტექსტის მიღებაა.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პატარა ქალთევზა მრავალფეროვნების კონტექსტში გაიაზრეს. ანდერსენის პირადი გამოცდილებით შთაგონებული ამბავი წინათ ტრანსგენდერი ადამიანების გამოცდილებასაც დააკავშირეს. განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მხარდამჭერ ერთ-ერთ მსხვილ ბრიტანულ ორგანიზაციას ქალთევზებიც კი ჰქვია.

ამდენად, გასაკვირი არაა, რომ საზოგადოებისგან რაიმე ნიშნით გამიჯნული ადამიანები საკუთარ თავს აკავშირებენ იმ პერსონაჟის ისტორიასთან, რომელიც მისთვის შეუსაბამო სამყაროსკენ ისწრაფვის. ეს ადამიანი კი შეიძლება იყოს როგორც მე-19 საუკუნის დანიაში მცხოვრები ავტორი, ასევე აფროამერიკელი გოგო დღეს.