თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი პოლიციაში იკითხება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გიგაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შადრევანი რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული.

  • "დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო. არანაირი პრობლემა არ ქონია. პრობლემაც რომ ჰქონოდა ექსპლუატაციაში ვერ შევიდოდა, ვერ ჩაირთვებოდა ფიზიკურად", — ამბობს ის.
  • როგორც სამსახურის უფროსი აცხადებს, ამ მომენტისთვის არავინ იცის რამ გამოიწვია მომხდარი.

რა მოხდა: დღეს, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

  • მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

თბილისის მერის თქმით, მომხდარი უმძიმესი ფაქტია და "ყველა დაისჯება შესაბამისად".

  • ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა ისიც, რომ ექსპლუატაციაში შესვლამდე შესაბამისმა სამსახურებმა შადრევანი შეამოწმეს.
  • კითხვაზე, ხედავს თუა რა თბილისის მერიის პასუხისმგებლობის საკითხს, ის ასე პასუხობს: "რა თქმა უნდა. უდიდესი, უმძიმესი თემა არის, თავზარდაცემულები ვართ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი".

ვაკის პარკში გუშინ, 12 ოქტომბერს მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

  • მერიის ცნობით, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია.
  • ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.
  • თბილისის მერიის ფეისბუქგვერდზე წაიშალა პოსტი, რომელიც რეაბილიტაციის დასრულებას ეხებოდა და შადრევნისა და კახა კალაძის ხალხთან შეხვედრის ფოტოები იყო გამოქვეყნებული.