ცნობილი ამერიკელი რეჟისორი მარტინ სკორსეზე თანამედროვე კინოინდუსტრიის ტენდენციებს ისევ აკრიტიკებს. სკორსეზემ ამჯერად ფილმის შემოსავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი ყურადღების მასზე გადატანა "სისაძაგლე" და "აღმაშფოთებელია". ოსკაროსანმა რეჟისორმა ეს განცხადება ნიუ-იორკის კინოფესტივალზე ყოფნისას გააკეთა.

სკორსეზეს თქმით, ჩვენს დროში "კინო ღირსებასა და ღირებულებას მოკლებულია, დაკნინებულია ყველა მხრივ, განსაკუთრებით კი მხატვრულობით".

"80-იანების შემდეგ მთელი ყურადღება რიცხვებზეა გადატანილი. ეს სისაძაგლეა", — ამბობს სკორსეზე, — "ფილმის ღირებულება ერთი მხარეა. გასაგებია, რომ როცა კინოსურათი გარკვეული ოდენობის თანხა ჯდება, ისინი მის ამოღებას მაინც მოელიან... დღეს კი ხაზი ესმევა რიცხვებს, ღირებულებას, რამდენი გამოიმუშავა აშშ-ში, რამდენი გააკეთა ინგლისში, რამდენი — აზიაში, რამდენი — დანარჩენ მსოფლიოში, რამდენმა მაყურებელმა ნახა. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის და ადამიანისთვის, რომელსაც კინოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ეს აღმაშფოთებელია".

რეჟისორის თქმით, ასეთი რამ ნიუ-იორკის კინოფესტივალზე არ ხდება და ეს დასაფასებელია — "აქ ჯილდოები არ არსებობს. ასპარეზობა არ გიწევს. მხოლოდ კინო უნდა გიყვარდეს".

ფოტო: Getty Images

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მარტინ სკორსეზე თანამედროვე კინოინდუსტრიას ღიად აკრიტიკებს. რეჟისორმა ჯერ კიდევ 2019 წელს განაცხადა, რომ "მარველის ფილმები კინო არ არის" და ისინი "კინოთეატრებში არ უნდა გადიოდეს". გასულ წელს მან ასევე თქვა, რომ დღევანდელი კინოინდუსტრია "უბრალოდ, მასებზე გათვლილი ვიზუალური გასართობი ბიზნესია".

80 წელს მიღწეული სკორსეზე ამჟამად ვესტერნის ჟანრის კიდევ ერთი ფილმზე მუშაობას ასრულებს. Killers of the Flower Moon — ასე ჰქვია ფილმს, რომლის გადაღებაც $200 მილიონამდე დაჯდა და რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნირო ასრულებენ. კინოსურათს მაყურებელი მომავალ წელს იხილავს.