დიდი ბრიტანეთის ახალარჩეულმა პრემიერმინისტრმა გადადგომის შესახებ დაუნინგ სთრითზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ტრასი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მოკლევადიანი პრემიერმინისტრი გახდა.

  • ის თანამდებობას მხოლოდ 45 დღე იკავებდა.
  • გადადგომამდე გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაპირისპირება კონსერვატიურ პარტიაში, ორი მინისტრის გადადგომა და დეპუტატების ნდობის დაკარგვა.

დეტალები: ტრასის თქმით, უკვე აცნობა მეფე ჩარლზს რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას ტოვებს.

  • მისი თქმით, ვერ შეძლებს შეასრულოს ის მანდატი, რაზეც აირჩიეს.
  • ჟურნალისტებთან მან აღნიშნა ისიც, რომ თანამდებობაზე მოვიდა "დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის" დროს.
  • მომავალ კვირაში ჩატარდება ხელმძღვანელობის არჩევნები — ტრასი პრემიერმინისტრად დარჩება იქამდე, სანამ არ აირჩევა მემკვიდრე.
  • ტრასის განცხადების შემდეგ ფუნტის ფასი დაეცა, თუმცა მალევე საწყის ნიშნულს დაუბრუნდა.

ტრასი პრემიერმინისტრი 5 სექტემბერს გახდა. მანამდე ის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

  • მას შემდეგ, რაც ჯონსონმა პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა, მის შემცვლელად არაერთი კანდიდატურა განიხილებოდა.
  • საბოლოოდ, სია 2 ადამიანამდე შემცირდა — ტრასის კონკურენტი რიში სუნაკი იყო.
  • ხმის მიცემის შედეგად ტრასმა უმრავლესობა, დაახლოებით 57% აიღო და კონსერვატიული პარტიის ლიდერი გახდა.