მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა. განაჩენი მოსამართლე ჯორბენაძემ გამოაცხადა.

სააპელაციოს გადაწყვეტილება: სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“, "დ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტები გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

  • ის დამნაშავედ ამ მუხლის ორ ეპიზოდში — 2015 წლისა და 2019 წლის ეპიზოდებში ცნეს.
  • "თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა სამი წლისა და 6 თვის ვადით", — თქვა მოსამართლემ.
  • ჯორბენაძის განცხადებითვე, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა 16 მაისიდან დაიწყება.

ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ერთადერთი, რაც სააპელაციომ საქალაქოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებაში შეცვალა, არის ის, რომ გვარამიას წინააღმდეგ 2015 წლის, სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც სასჯელის სახედ პატიმრობა გამოიყენა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 16 მაისს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მთავარი არხის დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

  • ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ.

შეფასებები საქალაქოს გადაწყვეტილებაზე: ადგილობრივი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია.

  • სახალხო დამცველი ამბობდა, რომ განაჩენი კანონთან შეუსაბამოა და ემსახურება კრიტიკულ მედიასაშუალებებზე ისეთ ზეწოლას, როგორიც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება;
  • კრიტიკულად აფასებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორებიც.