ამის შესახებ "ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: "სახალხო მოძრაობა" ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული დეპუტატებისგან შედგება.

  • ისინი სისტემატურად ესხმიან თავს მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დასავლურ ინსტიტუტებს და პრორუსულ ნარატივებს ავრცელებენ.
  • კანონი, რომელზეც "ხალხის ძალა" მუშაობს, წლებია, არსებობს რუსეთში.
  • ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას რუსეთის მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
  • ანალოგიურია გზავნილები შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და სხვა ევროპული სახელმწიფოების მხრიდან "ჩარევაზეც".
  • გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.

დეტალები: ანტიდასავლურ მოძრაობაში "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის" შექმნა სურთ.

  • "ხალხის ძალის" მიერ შემოთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ", — ნათქვამია განცხადებაში.
  • მათივე თქმით, იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, ადმინისტრაციული ჯარიმები იქნება გათვალისწინებული, თუმცა მისი გადახდა სუბიექტს არ გაათავისუფლებს "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.
  • ხალხის ძალა იტყობინება, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტში შეიტანენ კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც "მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედია სივრცეში სიცრუისა და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას".

ანტიდასავლური მოძრაობის მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობითა და დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკითაა შედგენილი, თუმცა მსგავსი კანონი აშშ-ში 1938 წელს ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, მოგვიანებით კი უცხოური ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლამდე დავიწროვდა.

  • ცივი ომის პერიოდში აღნიშნული კანონის მოთხოვნით, უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრირდებოდა საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოს (TACC) ნიუ-იორკის ბიურო, აგრეთვე საბჭოთა გამოცემები, პრავდა და იზვესტია.