სახალხო დამცველის აპარატი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე" ანტიდასავლური მოძრაობის ინიციატივას ეხმაურება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა საკუთარი იდეა 14 თებერვალს გააჟღერეს.

  • კანონი, რომელზეც ე.წ. ხალხის ძალა მუშაობს, წლებია, არსებობს რუსეთში, თუმცა ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობითა და დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკითაა შედგენილი.
  • მათ მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას რუსეთის მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.

აპარატში განმარტავენ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.

  • მათი თქმით, რუსეთში და უნგრეთში კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება, როგორც სტრასბურგის სასამართლომ, OSCE/ODIHR, ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ უარყოფითად შეაფასა.
  • "ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებით, უფლებადამცველები ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის კამპანიის ადრესატები, რაც, მათ შორის, შესაბამის ქვეყნებში "უცხოურ აგენტებად" მათი გამოცხადებისთვის, საკანონმდებლო რეგულაციების მიღებაში შეიძლება გამოიხატოს".
  • საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ასეთი სტატუსის განსაზღვრა უნდობლობის, შიშის შემცველ და მტრულ ატმოსფეროს ქმნის, ვენეციის კომისიის განმარტებით კი, ეს ტერმინი კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას აბრუნებს.

საფრთხეები: ომბუდსმენის აპარატში ყურადღებას ამახვილებენ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება EU-ს ფუნდამენტურ პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს.

  • აღნიშნავენ იმ გარემოებასაც, რომ წასულების ინიციატივა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებად მიჩნეული პირების პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების საფუძველს ქმნის;
  • ასევე, შესაძლოა, გაუმართლებელ ორგანიზაციულ ტვირთს აკისრებდეს თავად ორგანიზაციებს და წყვეტდეს მათ საქმიანობას;
  • ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რადგან ქმნის შესაძლებლობას, ნებისმიერი იმ ინდივიდის პერსონალური მონაცემები დამუშავდეს და გასაჯაროვდეს, ვისაც ამ ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვთ.
  • მათივე შეფასებით, კანონპროექტი, ვერ აკმაყოფილებს "მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების" არსებობიდან გამომდინარე აუცილებლობის კრიტერიუმს და პრინციპს, რომლის მიხედვითაც შემზღუდველი საშუალებები და თანმდევი პროცედურები არ უნდა იყოს არათანაბარზომიერი.